ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეციასთან“ სამი ქულა აიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და დასამახსოვრებელი მხოლოდ კვარაცხელიას შექმნილი ეპიზოდები იყო – ჯერ მეტოქის საჯარიმოში ბურთი აკენწლა, მუხლით ჩამოიღო და სახიფათოდ, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, ხოლო მოგვაინებით მეტოქის გადაცემის ჩაჭრის შემდეგ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ნიგერიელ ფორვარდს კარიდან გამოსულმა მეკარემ დაასწრო.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სპეციას“ მცველმა რეცამ თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გოლად კვარაცხელიამ აქცია. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 9 ბურთია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით ქართველმა თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
69-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ მასპინძლების მცველმა ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია, ხოლო ოსიმენმა მაღალ ნახტომში მეკარე დრაგოვსკისთან ერთად მცველ ნიკოლაუს აჯობა და თავით ამ სეზონში თავისი მე-13 ბურთი გაიტანა.
73-ე წუთზე კვარაცხელიამ „სპეციას“ მცველის პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულს დარტყმა თავად შეეძლო, მაგრამ პასი ოსიმენს გაუკეთა, რომელმაც მიზანს არ ააცილა. კვარაცხელიამ სერია A-ში მე-9 საგოლე პასი მიითვალა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო ჩემპიონთა ლიგას თუ გავითვალისწინებთ ხვიჩამ თანაგუნდელებს 14-ჯერ გაატანინა.
„ნაპოლის“ 56 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.

ლაშა თაბაგარი





