საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით ჩატარდება

0
33

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი წელს ახალი ფორმატით ჩატარდება. ეს დღეს გამართულ აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა. 2023 წელს, გათამაშებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თბილისის “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის “ტორპედო” ბათუმის “დინამოს”.
ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი): „წელს სუპერთასის ფორმატი განსხვავებული იქნება. ოთხივე გუნდი, რომელიც ამ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ევროტურნირებზე იასპარეზებს და მათთვის ძალიან კარგი იქნება ამ შეხვედრების ჩატარება ევროტურნირების დაწყებამდე”.
ამასთან, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის სამსახურმა აღმასკომს კლუბების ლიცენზირების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
2023 წლის ეროვნული ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, ქალთა ლიგა 1-ის და ქალთა ლიგა 2-ის კლუბები.
სფფ-ს კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პრო საკლუბო ლიცენზია მიიღო 15-მა კლუბმა, A საკლუბო ლიცენზია მიიღო 18-მა კლუბმა, B საკლუბო ლიცენზია მიიღო 7-მა კლუბმა, ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო ლიცენზიის მაძიებელმა ყველა კლუბმა/გუნდმა (10).
ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო ბ საკლუბო ლიცენზიაზე უარი ეთქვათ შემდეგ კლუბებს:
ზუგდიდის „დინამოს“ – კლუბმა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სფფ-ის კლუბების სააპელაციო ორგანოში, თუმცა ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო, აპელაციის ორგანომ საჩივარი არ განიხილა. ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში კლუბს არ მიუმართავს სფფ-ის წესდებით განსაზღვრული არბიტრაჟისთვის და ძალაში დარჩა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ასევე „შევარდენი 1906-ს“, „თბილისი სითის“, აღნიშნულ კლუბებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.