ხავიმ „ბარსელონასთან“ ერთად პირველი ტიტული მოიგო

0
22

ხავიმ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიელებმა მადრიდის „რეალს“ აჯობეს.
„ბარსელონამ“ გამარჯვება სავსებით დაიმსახურა, რადგან ორი ტაიმის განმავლობაში მოედანზე დომინირებდა.
33-ე წუთზე ბუსკეტსმა ბურთი კამავინგას მისსავე ნახევარზე აართვა და პედრი-ლევანდოვსკი-გავის კომბინაცია, ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. 45-ე წუთზე „ბარსელონას“ კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა გავიმ პასი ლევანდოვსკის გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა. პოლონელმა ფორვარდმა „ელ კლასიკოში“ თავი პირველად გამოიჩინა. ლევანდოვსკის გატანა კიდევ 2-ჯერ შეეძლო, მაგრამ ჯერ მისი დარტყმული კურტუამ მოიგერია და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მადრიდელთა კარს მარცხენა მახვილი კუთხიდან დაემუქრა, მაგრამ ისევ ბელგიელმა მეკარემ იყოჩაღა. ლევანდოვსკიმ „ბარსას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. პირველ ტაიმში „რეალმა“ სახიფათოდ ერთხელ შეუტია, როდესაც ბენზემას თავური კარს აცდა.
69-ე წუთზე გავი „რეალის“ საჯარიმოში ისევ მარცხნიდან შევიდა და პასი შორეულ ძელთან გახსნილ პედრის გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო. „რეალიდან“ პრესტიჟის გოლის ავტორი ქარიმ ბენზემა აღმოჩნდა, რომლის პირველი დარტყმული ტერ შტეგენმა მოიგერია, მაგრამ ფრანგმა ფორვარდმა ზუსტად დაამატა – 1:3.
„ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასი მეთოთხმეტედ მოიგო, რაც რეკორდია. „რეალი“ ნახსენებ ჯილდოს 12-ჯერ ფლობდა.
„ბარსელონამ“ ბოლო 4 „ელ კლასიკოში“ 2-ჯერ გაიმარჯვა. მანამდე, კატალონიელები ზედიზედ 4-ჯერ დამარცხდნენ.
„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ 2010 წლის შემდეგ ფინალი პირველად წააგო.