ლონდონის „ჩელსიში“ ჟოაო ფელიქსის დებიუტი ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის გადადებულ შეხვედრაში ლონდონელები სტუმრად „ფულემს“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს.
მასპინძლებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ვილიანმა გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე კულიბალიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 73-ე წუთზე ლონდონელების კარი კარლოს ვინისიუსმა აიღო და ეს გოლი მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ჟოაო ფელიქსი, რომლის იჯარა სეზონის ბოლომდე „ჩელსის“ 11 მილიონი ევრო დაუჯდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე გააძევეს, რადგან ტეტეს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა. ის ინგლისური კლუბის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელიც სადებიუტო შეხვედრაში გააძევეს.
ლონდონელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგეს. ცნობისთვის, „ჩელსიმ“ „ფულემთან“ 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო – მანამდე მეტოქე 13-ჯერ დაამარცხა, ხოლო 8 თამაში ფრედ დასრულდა.
სხვათა შორის, „ჩელსის“ ფანები თამაშის მსვლელობისას გერმანელი სპეციალისტის თომას ტუხელის სახელს სკანდრებდნენ, რომელიც გუნდს 2021-2022 წლებში წვრთნიდა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ის შარშან სექტემბერში დაითხოვეს.



