მიმდინარე წლის პირველი „ელ კლასიკო“ საუდის არაბეთში გაიმართება. ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონამ“ პენალტების სერიაში „ბეტისს“ აჯობა და ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის მე-40 წუთზე ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი მეორე მცდელობით დალაშქარა – პირველ ჯერზე ხელი მცველმა შეუშალა.
77-ე წუთზე ლუის ენრიკემ მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა და პასი ფეკირს მისცა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლევანდოვსკიმ მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.
93-ე წუთზე „ბეტისის“ ფეხბურთელის მიერ თავით მოგერიებული ბურთი სევილიელთა საჯარიმოში მყოფმა ანსუ ფატიმ მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა – გოლი მართლაც ეფექტური აღმოჩნდა.
თუმცა, ბარსელონელს არც ლორენ მორონი ჩამორჩა, რომელმაც მე-100 წუთზე ლუის ენრიკეს პასის შემდეგ მცველთან ორთაბრძოლის დროს ქუსლით გაიტანა – 1:1.
გამარჯვებული დამატებითმა დრომაც ვერ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ბარსელონამ“ 4:2 მოიგო.
„ბარსელონა“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში 25-ედ გავიდა რაც რეკორდია, ხოლო „რეალი“ – მეთვრამეტედ.
განვლილი შეხვედრა სერხიო ბუსკეტსისთვის “ბარსელონას” მაისურით მე-700 აღმოჩნდა. ის მხოლოდ მესის (778) და გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ხავის (767) ჩამორჩება.
2023 წლის პირველი „ელ კლასიკო“ 15 იანვარს მეფე ფაჰდის სახელობის არენაზე შედგება.



