გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ქობულეთის „შუქურამ“ 5 ფეხბურთელი გაუშვა.
ქობულეთელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის მცველმა დავით სამსონიამ, 29 წლის ნახევარმცველმა ბექა ვარშანიძემ, 32 წლის მარჯვენა მცველმა მირზა ფარტენაძემ და 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო თევდორაძემ მე-4 ლიგაში მოასპარეზე „გონიოში“ გადავიდნენ. მათ გარდა, გუნდი 26 წლის ნახევარმცველმა გიორგი ვეკუამ დატოვა.
„გონიოს“ მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ ამირან გოგიტიძე დაინიშნა, რომელსაც თავის დროზე ბათუმის „დინამოსთვის“ უხელმძღვანელია. ამასთანავე, გონიოელთა მეკარეების მწვრთნელი იური მამინაშვილია.
„გონიოს“ პრეზიდენტის დავით დოლიძის განცხადებით, მომავალ სეზონში მე-3 ლიგაში გადასვლას გეგმავენ და ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გასვლაზე ფიქრობენ.



