რეგრაგი: „დარწმუნებული ვარ 15-20 წლის შემდეგ აფრიკული გუნდი მუნდიალს მოიგებს“

0
46

მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის მატჩში ხორვატებთან 1:2 მარცხის შემდეგ, მაროკოელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგი განაცხადა, რომ შესაბამისი დასკვნების გაკეთების შემდეგ, მისი გუნდი უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. გვიხარია, რომ მეოთხე ადგილზე გავედით. ხორვატიას მე-3 ადგილის დამსახურებულად მოგებას ვულოცავ. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკიდან 9 გუნდი იქნება და ჩვენ უნდა ვისწავლოთ. დარწმუნებული ვარ, 15-20 წლის შემდეგ აფრიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, რადგან ვისწავლით. არსებობს გარკვეული ეტაპები, რომლებიც უნდა გაიარო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ის უნდა იყოს, რასაც მივაღწიეთ და ამიტომ, თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო. ჩვენ დნმ არა მხოლოდ მაროკოსთვის, არამედ, მთელი კონტინენტისთვის ვქმნით.
ფეხბურთელებს გასახდელში ვუთხარი, რომ ისტორიაში შესვლა თუ გვსურს აფრიკის თასი უნდა მოვიგოთ. ჩვენს კონტინენტზე დომინირება გვსურს.
ხვალ გავიაზრებთ, რომ დაუჯერებელს მივაღწიეთ. დროის მოკლე მონაკვეთში უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. უფრო შორს წავედით, ვიდრე ველოდით, მაგრამ ეს არასაკმარისია. ჩვენი მაგალითი მომავალი მონაწილეებისთვის გადამდები უნდა იყოს. იმედია, ეს მთელ აფრიკას სარგებელს მოუტანს.
წინსვლას ვაგრძელებთ და საუცხოო მომავალი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ. ჩვენზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საუკეთესო გუნდებს თანაბრად ვეთამაშოთ. ასეთი მატჩების შედეგი მცირე დეტალებზეა დამოკიდებული“ – იუწყება რეგრაგის სიტყვებს france24.com.