არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში დრამატულ ორთაბრძოლაში ნიდერლანდები დაამარცხა და 8-წლიანი პაუზის შემდეგ 1/2-ფინალში გავიდა.
შეხვედრის 83-ე წუთამდე ნაკლებად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია საჭირო გახდებოდა. 36-ე წუთზე არგენტინელთა კაპიტნის ლიონელ მესის საუცხოო გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ნაუელ მოლინამ ერთი შეხებით ბურთი გაისწორა, ხოლო მეორეთი კარში ზუსტად გადაგზავნა. მესიმ მუნდიალების პლეი-ოფებში მე-5 ზუსტი გადაცემა მიითვალა და პელეს რეკორდი მოხსნა.
73-ე წუთზე არგენტინელთა მარცხენა მცველი აკუნია ნიდერლანდელთა მარჯვენა მცველმა დუმფრისმა თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი მესიმ გამოიყენა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე თავისი მეოთხე ფოლი გაიტანა.
78-ე წუთზე თამაშში ვერგჰორსტი ჩაერთო, რომელმაც მოედანზე შესვლიდან 5 წუთში საჯარიმოში ბერგუისის პასის მერე თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-11 წუთზე ნიდერლანდელებმა ჯარიმა ორიგინალურად გაითამაშეს და როდესაც ყველა ელოდა რომ კოპმაინერსი ბურთს კარში გაგზავნიდა, მან არგენტინელთა საჯარიმოში ვერგჰორსტი მოძებნა, რომელმაც დუბლი მიითვალა – 2:2. მან მსოფლიო ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში პლეი-ოფებში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა. 30 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში პირველია, ვინც შეცვლაზე შევიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.
დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის ბოლო წუთზე ენცო ფერნანდესის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
პენალტების სერიაში არგენტინელთა მეკარე ემილიანო მარტინესმა ივაჟკაცა, რომელმაც ჯერ ვან დაიკს აუღო, ხოლო შემდეგ ბერგუისს. ნიდერლანდელებიდან თავისი შანსი კომპანერსმა, ვერგჰორსტმა და ლუკ დე იონგმა გამოიყენეს. არგენტინელებიდან პენალტი ზუსტად მესიმ, პარედესმა, მონტიელმა და ლაუტარო მარტინესმა შეასრულეს, ფერნანდესმა კი ბურთი კარს ააცილა. საბოლოოდ, არგენტინამ პენალტების სერიაში 4:3 გაიმარჯვა.
განვლილი შეხვედრა საკმაოდ უხეში აღმოჩნდა და ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა არაერთხელ მოხდა, მათ შორის პენალტების სერიის დასრულების მერე. ესპანელმა მსაჯმა მატეო ლაოსმა ორივე გუნდის მოთამაშეებს 15 ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდია.
არგენტინამ პენალტების სერიაში ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატებზე მეორედ დაამარცხა – პირველად 2014 წელს ნახევარფინალში და მაშინაც ევროპელებს ლუის ვან გაალი წვრთნიდა, რომლის გუნდმა მუნდიალებზე ძირითად დროში ზედიზედ მე-12 მატჩი არ წააგო.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-10 გოლი გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას გაუთანაბრდა, რომელიც მანამდე მუნდიალებზე „ალბისელესტეს“ საუკეთესო ბომბარდირი იყო.
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე პენალტების 6 სერიიდან 5 მოიგო და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.
არგენტინამ ნიდერლანდები მსოფლიო ჩემპიონატებიდან ყველაზე მეტჯერ გამოთიშა – 3-ჯერ. ნიდერლანდებმა მუნდიალებზე პენალტების 10 სერიიდან მხოლოდ 2 მოიგო.
არგენტინა 13 დეკემბერს 1/2-ფინალში ხორვატიას შეხვდება.





