ხორვატიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. ზლატკო დალიჩის გაწვრთნილი მუნდიალის ვიცეჩემპიონები 1/8-ფინალში იაპონიას შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
გამარჯვებული 120 წუთმა ვერ გამოავლინა და მიმდინარე ტურნირში შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა პირველად გაირკვა პენალტების სერიაში, რომელშიც ნამდვილი გმირი ხორვატების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი აღმოჩნდა.
იაპონელებმა ანგარიში 43-ე წუტზე გახსნეს, როდესაც ჯარიმის შესრულების დროს აზიელმა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დეიან ლოვრენის ზურგსუკან მყოფმა იოშიდამ პასი მაედას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
55-ე წუთზე იაპონელთა ნახევარზე მყოფმა ლოვრენმა მარჯვენა ფლანგიდან პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ივან პერიშიჩმა თავით ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში „ჩააჭედა“ – 1:1.
ამის შემდეგ იაპონელი მოთამაშე დაემუქრა შორი მანძილიდან ხორვატების კარს, მაგრამ ლივაკოვიჩმა ბურთი კუთხურზე მოიგერია,
ხორვატების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა მოწინააღმდეგეს საჯარიმოს გარედან თავისი მოჭრილი საფირმო დარტყმით უპასუხა და ამჯერად იაპონელმა გონდამ იყოჩაღა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კრამარიჩის გადაცემის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა ბუდიმირმა თავით ააცილა.
ძირითადმა დრო 1:1 დასრულდა და გოლი არც დამატებულ 30 წუთში გავიდა. აღსანიშნავია, რომ დალიჩმა დამატებით დროში სამი წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა – მოდრიჩი, პერიჩიში და დარკო კოვაჩიჩი.
პენალტების სერიაში ლივაკოვიჩმა სამი დარტყმა მოიგერია და ხორვატებმა საბოლოოდ 3:1 მოაგებინა. მან პორტუგალიელი რიკარდუს (2006 წელი პორტუგალია-ინგლისი) და თანამემამულე დანიელ სუბაშიჩის (2018 წელი ხორვატია-იაპონია) მიღწევა გაიმეორა.
ხორვატები 1/4-ფინალში ბრაზილიას და სამხრეთ კორეას შორის გამარჯვებულს შეხვდება.






