სკალონი: „ეს გუნდი არასოდეს ნებდება“

0
1

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2016 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში დამატებით დროში კაბო-ვერდესთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები არასოდეს ნებდებიან.
„ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ყოველთვის ყურადღება დადებით მომენტებზე უნდა გავამახვილოთ. ეს გუნდი არასოდეს ნებდება. მეტოქის მიმართ ჩემს პატივისცემას გამოვხატავ. სიმართლე ისაა, რომ იოლი მეტოქეები არ არსებობს. კაბო-ვერდემ დაამტკიცა, რომ საუცხოო გუნდია.
მე თითოეული ჩემი მოთამაშის წვლილს აღვნიშნავ. ყველამ მატჩი ძალიან დაღლილმა დაასრულა, რადგან მთელი ძალა დახარჯეს. ეს არგენტინაა და თუ ამას ვერ იგებ რთულია. არგენტინელებს ეს გვესმის, რადგან იოლად არაფერი გვეძლევა“ – იუწყება სკალონის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 29-ე წუთზე ანგარიში არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ გახსნა, ხოლო 59-ე წუთზე დუარტემ საპასუხო გოლი გაიტანა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 92-ე წუთზე არგენტინა ლისანდრო მარტინესმა დააიწინაურა. 103-ე წუთზე აფრიკელებიდან თავი ლოპეს კაბრალმა გამოიჩინა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრიდან ბურთი “ცხრიანში” გაახვია. 111-ე წუთზე მესიმ კუთხური ჩააწოდა და რომეროს თავურის შემდეგ, კაბო-ვერდეს მცველ ბორჟესს ბურთი ხელში მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. არგენტინა 1/16-ფინალში 7 ივლისს ეგვიპტეს შეხვდება. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 30 მატჩი ჩაატარა. მან 20 გოლი გაიტანა და თავისი რეკორდი გააუმჯობესა – მეორე ადგილზე ფრანგების კაპიტანი კილიან მბაპეა (18 გოლი). მესიმ მიმდინარე მუნდიალზე თავი მეშვიდედ გამოიჩინა და თავისი პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელიც 4 წლის წინ კატარში დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე მეტოქეთა კარი ზედიზედ 8 მატჩში აიღო და ასევე, პირველია, რომელმაც პლეი-ოფებში მეტოქეები მიჯრით 5 შეხვედრაში დაამწუხრა. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლი 14 ქვეყნის ნაკრებს შეუგდო და თავისი რეკორდი განაახლა. მესიმ ნაკრების მაისურით 124-ე გოლი მიითვალა, ხოლო მთლიანად კარიერაში – 918-ე. მესისთან ერთად არგენტინა 1/8-ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
ლაშა თაბაგარი