არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში ავსტრალიასთან შეხვედრაში „ალბისელესტეს“ წარმატებას სათავე ისევ გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ დაუდო, რომელმაც კარეირაში მე-1000 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო გატანილი გოლი 789-ე აღმოჩნდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ოქროს ბურთის“ 6-გზის მფლობელმა მუნდიალების პლეი-ოფებში თავი პირველად გამოიჩინა.
მან ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ნიკოლას ოტამენდისგან პასი მიიღო და ჩვეულ სტილში მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
57-ე წუთზე ავსტრალიელთა გამოცდილმა მეკარე რაიანმა თავის საჯარიმოში მცველისგან დაბრუნებული ბურთი ცუდად მიიღო და შეცდომის გამოსწორებას ეცადა, მაგრამ უკნიდან ხულიან ალვარესი წამოეპარა, რომელმაც ტყავის სფერო „მოპარა“, რის შემდეგ ადგილი კარში მიუჩინა.
77-ე წუთზე ავსტრალიელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ენცო ფერნანდესს მოხვდა და არგენტინელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ავსტრალიას გატანა კიდევ შეეძლო. ჯერ ბეჰიჩმა საუცხოო რეიდი განახორციელა და ოთხ არგენტინელს გაცდა, მაგრამ ახლო მანძილიდან კარში დარტყმული დაუბლოკეს, ხოლო 97-ე წუთზე 18 წლის კუოლმა ფაქტობრივად ასპროცენტიანი შანსი გააცუდა, თუმცა, კარგი თამაში არც სამხრეთ ამერიკელთა კარის დარაჯ ემილიანო მარტინესს უნდა დავუკარგოთ. ცნობისთვის, კუოლი „ფეხბურთის მეფე“ პელეს შემდეგ მუნდიალების პლეი-ოფების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.
არგენტინა 9 დეკემბერს 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება.
მესიმ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-9 გოლი გაიტანა და როგორც დიეგო მარადონას, ასევე კრიშტიანუ რონალდუს ერთი ბურთით გაასწრო. მან მიმდინარე მუნდიალზე თავი მესამედ გამოიჩინა.






