„დინამოს“ მე-19 ტრიუმფი, ჭიაბრიშვილის მე-3 ჩემპიონობა

0
69

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში  თბილისის „დინამომ“ ჩემპიონის ტიტული მეცხრამეტედ მოიპოვა, რაც რეკორდია. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჭიაბრიშვილი „დინამოს“ სათავეში 2022 წლის ივნისში ჩაუდგა და კახა ცხადაძე შეცვალა. იმ დროს თბილისელები სატურნირო ცხრილში ბათუმის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ იმდენი მოახერხა, რომ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა. 43 წლის ჭიაბრიშვილმა საქართველოს ჩემპიონატი მესამე გუნდს მოაგებინა. მან 2011-2012 წლების სეზონში ოქროს მედლები „ზესტაფონს“ ააღებინა, 2018 წელს – თბილისის „საბურთალოს“, ხოლო წელს – „დინამოს“ გარდა ამისა, ჭიაბრიშვილმა „საბურთალოსთან“ ერთად 2018 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი აიღო და იმავე წელს სუპერთასს დაეუეფლა, „ზესტაფონს“ კი 2012 წელს სუპერთასზე გაამარჯვებინა. ის გია გეგუჩაძის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.
„გაგრასთან“ შეხვედრაში მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და მე-13 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნიკა მალის ჩაწოდების შემდეგ, დავით სხირტლაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა, ხოლო უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა. მე-17 წუთზე გაგრელთა კონტრშეტევის დროს თამაზ მაქაცარიამ „დინამოს“ საჯარიმოში ოთარ ფარულავამოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან ცუდად დაარტყა და ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა.
28-ე წუთზე სხირტლაძემ კარგად გაისწორა ბურთი და საჯარიმოში გარედან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში სხირტლაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც საჯარმოში მეტოქე მცველის მიერ ცუდად დამუშავებულ ბურთს დაეუფლა და შემოტრიალებით დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლისგან გვერდითმა ძელმა „იხსნა“.  ცოტა ხანში, მარცხენა ფლანგიდან სხირტლაძემ მეტოქის კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გააკეთა და შორეულ ძელთან მდგომი კირკიტაძის დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ტაიმის მიწურულს კამარამ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი „გაგრას“ მცველს ფეხზე შეეხო, რის შემდეგ კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კამარა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი კირკკიტაძეს მისცა, რომლის დარტყმის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ისევ კამარამ იაქტიურა და გვინეელს მარცხენა მახვილი კუთხიდან ვორობეიმ არ გაატანინა. 57-ე წუთზე, დაახლოებით 25 მეტრიდნ ფარულავა „დინამოს“ კარს დაემუქრა და ლუკა კუტალაძემ თბილისელები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
66-ე წუთზე მაროკოელი იმრანი ცრუ მოძრაობოთ „გაგრას“ საჯარიმოს სიახლოვეს ორ ფეხბურთელს გაექცა და „ცხრიანში“ ეფექტურად შეაგდო – 2:0.
72-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს კამარა ისევ ეცადა გოლის გატანას, მაგრამ ვორობეიმ კარი რ დაანება. ერთ წუთში თამაზ მაქაცარია კუტალაძესთა პირისპირ გავიდა და მისი დარტყმული ბურთი „დინამოს“ მეკარემ მოიგერია, მაგრამ „გაგრას“ ფორვარდმა ცარიელა კარში დაამატა. შეხვედრის მიწურულს უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ ძალიან ახლო მანძილიდან ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
„დინამომ“80 ქულა დააგროვა და 3 ქულით გაასწრო ბათუმის „დინამოს“, რომელმაც ბოლო ტურში შინ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 2:2 ითამაშა და მეორე ადგილზე გავიდა. “ტორპედომ” 54 ქულით ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა. კახა ჩხეტიანის თავკაცობით “ტორპედო” 7 დეკემბერს ბათუმში დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის “ლოკომოტივი 2”-ს დაუპირისპირდება.
“დინამომ” მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ბათუმელები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.

“გაგრამ” 36 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა და პლეი-აუტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-2 ადგილზე გასულ “სპაერს” შეხვდება. პირველი მატჩი 8 დეკემბერს “დინამო არენაზე” ჩატარდება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 12 დეკემბერს “სპაერის” სტადიონზე გაიმართება.
ბოლნისის “სიონმა” შინ “ლოკომოტივს” მოუგო და 36 ქულით მე-9 პოზიციაზეა, რის გამო პლეი-აუტში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მე-3 ადგილზე გასულ “სამტრედიას” დაუპირისპირდება. “სიონი”-“სამტრედიას” პირველი დაპირისპირება სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე ჩატარდება, საპასუხო კი 11 დეკემბერს ბოლნისში. პლეი-აუტის ყველა თამაში 13:00 საათზე დაიწყება.
“თელავმა” სტუმრად “საბურთალოს” 1:0 სძლია და 39 ქულით მე-7 პოზიციაზე გავიდა, ხოლო საბურთალოელებმა 47 ქულით მე-6 პოზიცია დაიკავეს.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბათუმელთა ბრაზილიელი ფორვარდი ჯოვინო ფლამარიონი გახდა 19 გოლით.
“დინამოს” ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიალს ფედერააციის პირველი ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დესწრო.
საჩემპიონო ფარი კობიაშვილის ხელისგან “დინამოს” კაპიტანმა სხირტლაძემ ჩაიბარა. თბილისელებმა ჩემპიონის ტიტული ერთწლიანი პაუზის მერე დაიბრუნეს. ჭიაბრიშვილმა დაჯილდოვების შემდეგ თავისი ოქროს მედალი “დინამოს” ფან-კლუბის ერთ-ერთ წევრს უსახსოვრა.