საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში 1/8-ფინალში თამაში პირველმა გაინაღდა. მე-2 ტურში D ჯგუფის მეორე მატჩში დიდიე დეშამის გაწვრთნილები დანიას დაუპირისპირდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. მატჩის გმირი კილიან მბაპე აღმოჩნდა, რომელმაც დუბლი მიითვალა. მან ანგარიში 61-ე წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ტეო ერნანდესთან „კედელი“ გაითამაშა და ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0. 68-ე წუთზე დანიელებმა კუთხური ჩააწოდეს და ფრანგების საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა ანდერსენმა მოიგო, ხოლო ანდრეს კრისტიანსენმა თავით ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ანტუან გრიზმანმა შორეულ ძელთან მყოფი მბაპე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი, როგორც მეკარე კასპერ შმეიხელის, ასევე მცველების შეცდომით ისარგებლა და ორი მეტრიდან მიზანს არ ააცილა.
მბაპემ ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან თავი 8-ჯერ გამოიჩინა. მისთვის ეს მუნდიალი მეორე და 7 გოლი მიითვალა – მოქმედი ფეხბურთელებიდან მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს და გერმანელ თომას მიულერს ჩამორჩება. მბაპემ „სამფეროვანთა“ მაისურით მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-7 ადგილს ზინედინ ზიდანთან იყოფს. საფრანგეთის ნაკრებმა არსებოვის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატებზე ზედიზედ 6 თამაში მოიგო.
საფრანგეთმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე თამაში გაინაღდა. ამ ჯგუფის პირველ მატჩში ავსტრალიამ დიუკის მიერ 23-ე წუთზე გატანილი გოლით ტუნისს მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილზეა. შემდეგ დანია და ტუნისი მოდიან თითო ქულით.
დღეს, C ჯგუფის პირველ შეხვედრაში პოლონეთმა საუდის არაბეთი 2:0 დაამარცხა. 39-ე წუთზე საჯარიმოში მარჯვნიდან შესული რობერტ ლევანდოვსკის პასის მერე ანგარიში ერთი შეხებით პიოტრ ზელინსკიმ გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დავსარიმ შეასრულა და ბურთი შესჩნი მოიგერია, რომელმაც დამატებაზე მყოფ არაბ ფეხბურთელს ურთულესი ბურთ აუღო. 82-ე წუთზე ლევანდოვსკიმ ბურთი არაბ მცველ აბდულელაჰს „მოპარა“ და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავის კარიერაში მუნდიალზე პირველი გოლი გაიტანა.






