კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში გოლი გაიტანა. კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია განას შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა,
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 65-ე წუთზე განელმა მცველმა სალისუმ რონალდუ თავის საჯარიმოში წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პორტიგალიელთა კაპიტანმა გოლად აქცია – 1:0. რონალდუმ 2006 წელს, 2010 წელს და 2014 წელს მუნდიალებზე თითო გოლი გაიტანა, ხოლო 2018-ში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. ოთხმა მოთამაშემ გოლები ოთხ მსოფლიო პირველობაზე გაიტანა – პელემ (ბრაზილია), უვე ზეელერმა, მიროსლავ კლოზემ (ორივე გერმანია) და ლიონელ მესიმ (არგენტინა).
რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატებზე სულ მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით როგორც არგენტინელ დიეგო მარადონას, ასევე ბრაზილიელ რივალდოს გაუთანაბრდა.
კრიშტიანუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მოწინააღმდეგეები ზედიზედ 10 დიდ ტურნირში დაამწუხრა. მან სანაკრებო დონეზე სულ 118 გოლი მიითვალა და თავისი რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა.
რონალდუ მიმდინარე მუნდიალზე ერთადერთი უკლუბო ფეხბურთელია. ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე თავისუფალი აგენტია, რომელმაც გოლი გაიტანა. პირველი არგენტინელი ალბერტო ტარანტინი იყო, რომელმაც 1978 წელს თავი პერუსთან (6:0) გამოიჩინა.
გგარდა ამისა, რომალდუ პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და ამავე დროს ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა.
73-ე წუთზე კუდუსი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი გადაცემის შემდეგ ბურთი დანილო პერეირას ფეხებს შორის გაუძვრა, ხოლო ანდრე აიუმ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
78-ე წუთზე პორტუგალიელთა კონტრშეტევის დროს ბრუნუ ფერნანდეშმა საუცხოოდ პასით განელთა მეკარესთან პირისპირ ჟოაო ფელიქსი გაიყვანა, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:1.
მე-80 წუთზე პორტუგალიის მორიგი კონტრიერიშის დროს ფერნანდეშმა აფრიკელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი რაფაელ ლეაო მოძებნა, რომელსაც ანგარიშის კიდევ უფრო გასაზრდელად ერთი შეხება დასჭირდა – 3:1. მან ნაკრებში სადებიუტო გოლი მიითვალა. ფერნანდეში მეორე პორტუგალიელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველი ჟოზე ტორიში იყო – მან 1966 წელს ბრაზილიასთან (3:1) შეხვედრაში თავის ანგარიშზე 2 საგოლე პასი ჩაიწერა.
89-ე წუთზე პორტუგალიელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა და მარცხნიდან თანაგუნდელის პასის მერე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფმა ბუკარიმ თავით გაიტანა – 2:3.
შეხვედრის ბოლო წუთზე დიოგო კოშტას ბურთი თამაშში შეჰყავდა და უკნიდან ინაკი ვილიამსი წამოეპარა, რომელმაც პორტუგალიელთა მეკარეს ტყავის სფერო აართვა, მაგრამ ფეხი დაუცდა და ანგარიში ვერ გაათანაბრა. პორტუგალიის ნაკრებმა 2006 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონატში სასტარტო შეხვედრა მოიგო.
ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა ურუგვაისა და სამხრეთ კორეას შორის 0:0 დასრულდა.




