რამაზ სვანაძე: “ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა”

0
31

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ნოემბერში ჩატარებული შეკრებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ წლის ბოლო მატჩში უკრაინასთან (1:1) სპარინგში დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია.
რამაზ სვანაძე: „ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. მესმის, რომ ამ ორი მატჩის შედეგი არ იყო სასურველი, მაგრამ 10 დღე გუნდთან ერთად გავატარეთ, სელექციის მხრივ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ეროვნული ლიგიდან ბევრ ახალ მოთამაშეს მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ მათზე უკვე გვაქვს ინფორმაცია, რაც ძალიან კარგია.
კანდიდატების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, ნაკრებში კონკურენციაც იმატებს. ეს ფაქტორი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობის დასახელების პროცესში, არჩევანის გაკეთების საშუალებას გაგვიადვილებს.
უკრაინასთან მატჩს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. საერთოდ, ყველაზე საწყენი ის არის, რომ ბევრ საგოლე მომენტს ვქმნით, მაგრამ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო, ვერ ვიყენებთ და ეს ძვირად გვიჯდება. ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. მას შემდეგ, რაც ევრო 2023-ზე ჩვენი მეტოქეების ვინაობა შევიტყვეთ, ეს პირველი შეკრება იყო. ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრ რამეს სხვაგვარად მივუდექით.
ცალკე მინდა აღვნიშნო ორივე გიორგის შესახებ, რომლებიც თამაშის დღის დილით გამოგვაკლდნენ, რადგან ორივეს მაღალი სიცხე ჰქონდა. გოჩოლეიშვილი ჩვენი ნაკრების წევრია, ბევრი მატჩი ჩაუტარებია, იცის ჩვენი თამაშის, ჩვენი ფილოსოფიის შესახებ და ამ მხრივ წიტაიშვილის უკრაინასთან შეხვედრაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა მხოლოდ შედეგის კუთხით, არამედ იმ მიზნიდან გამომდინარე, რაც დასახული გვაქვს – ევროპის ჩემპიონატზე კარგ გამოსვლას ვგულისხმობ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის სურვილი გიორგი წიტაიშვილმა თავად გამოთქვა და ის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. რადგან, ჩვენს გუნდს წინ ძალიან დიდი ფორუმი ელოდება და ყველა ძლიერი მოთამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მომავალ წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის თანამასპინძელია და სვანაძია გაწვრთნილები A ჯგუფში პორტუგალიას, ბელგიას და  ნიდერლანდებს შეხვდებიან.