
ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი რიხიანად დაიწყო. B ჯგუფის პირველ მატჩში გარეთ საუთგეიტის გუნდი ირანს დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვეს. ბრიტანელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს – თავი ჯუდ ბილინგემმა, ბუკაიო საკამ და რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინეს. პირველი ტაიმის დასაწყისში ირანელთა მეკარე ბეირანვანდი თავის მცველს შეეჯახა და ტვინის შერყევა მიიღო, რის გამო შეცვალეს. ეს ეპიზოდი გაიწელა და ბრაზილიელმა მთავარმა მსაჯმა რაფაელ კლაუსმა პირველ ტაიმს 14 წუთი დაამატა.
შესვენების შემდეგ, ირანელთა კარი საკამ, მარკუს რაშფორდმა და ჯეკ გრილიშმა აიღეს, ხოლო ირანელებიდან დუბლი მეჰდი ტარემიმ მიითვალა, რომელმაც ერთი გოლი პენალტიდან გაიტანა. ტარემმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა – მან თავი 102-ე წუთზე და 30-ე წამზე გამოიჩინა.
70-ე წუთზე ინგლისელთა მცველმა ჰარი მაგვაიერმა თავის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. კლაუსმა მეორე ტაიმს 10 წუთი დაამატა და საერთო ჯამში შეხვედრაში კომპენსირებულმა დრომ 24 წუთი შეადგინა, რაც მანამდე მსოფლიო ჩემპიონატებზე არასოდეს მომხდარა.
საუთგეიტის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე საერთო ჯამში 9 მატჩი მოიგო, რაც ამ ქვეყნის მწვრთნელებს შორის საუკეტესო შედეგია. მან ამ მაჩვენებლით ალფ რამსეის გაასწრო, რომელმაც 1966 წელს ინგლისელებს სამშობლოში მსოფლიო თასი მოაპოვებინა.
ინგლისის ნაკრებმა ირანთან გამარჯვებით ზედიზედ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. თავის მხრივ ირანის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გოლი პირველად გაუშვა.




