ლუის ვან გაალი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მოგებული მატჩების რაოდენობით ნიდერლანდურ ფეხბურთის ისტორიაში რეკორდსმენია. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფში ვან გაალის გაწვრთნილები სენეგალს შეხვდნენ და თანაბარ ორთაბრძოლაში მეტოქე შეხვედრის მიწურულს გატეხეს. სენეგალელთა მარცხში დიდი წვლილი ლონდონის “ჩელსის” მეკარე ედუარდ მენდის მიუძღვის.
84-ე წუთზე სენეგალელთა კართან ჩაწოდებულ ბურთზე მენდი ძალიან ცუდად გამოვიდა და გაკპომ თავით ანგარიში გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე მემფის დეპაის დარტყმის შემდეგ, მენდი ბურთი უხეიროდ მოიგერია და დევი კლასენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო სამ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობდა ჯგუფში ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო – 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში სამივე თამაში თავის სასარგებლოდ და იმავე შედეგი 2014 წელს ბრაზილიაში დააფიქსირა.
ამრიგად, ვან გაალმა ნიდერლანდელებს 38-ე მატჩი მოაგებინა და ამ მაჩვენებლით დიკ ადვოკატს (37) გაასწრო. 71 წლის სპეციალისტი, რომელიც მუნდიალზე ყველაზე ასაკოვანია თავის კოლეგებს შორის, ნიდერლანდელებს 2021 წლის აგვისტოდან ავარჯიშებს. მანამდე, ის ნაკრებს 2000-2001 და 2012-2014 წლებში წვრთნიდა. ნიდერლანდელებმა 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავეს.
ვან გაალის დაბრუნების შემდეგ ნიდერლანდებს ზედიზედ 16 თამაშია არ წაუგიათ – 12 გამარჯვება და 4 ფრე.
28 წლის მეკარე ანდრის ნოპერტი ბოლო 44 წლის განმავლობაში ნიდერლანდების ნაკრების პირველი დებიუტანტი გახდა. 1978 წელს დებიუტი ნახევარმცველ დიკ სხუნაკერს ჰქონდა.





