ტაბატაძის ისტორიული დუბლი და თრილერი ყაზახეთის თასის ფინალში

0
21

„აკჟაიკის“ ქართველმა თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ ყაზახეთის თასის ფინალში დუბლი შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ მისი გუნდი საპატიო ჯილდოს ვერ დაეუფლა.
ურალსკელები თასისთვის გადამწყვეტ მატჩში „ორდაბასის“ დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 3-ჯერ იგებდნენ, დამატებით დროში დამარცხდნენ.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ზუსტად გადაუგდო.
68-ე წუთზე ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ ვარდნაში გაიტანა – 3:2. ის 78-ე წუთზე შეცვალეს, როცა „აკჟაიკი“ 4:3 იგებდა. მის მსგავსად სასტარტოში კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ლუკა იმნაძე იყო, რომელმაც მოედანი 70-ე წუთზე დატოვა.
შეხვედრის ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, ხოლო „ორდაბასიმ“ თასი 119-ე წუთზე პენალტის გატანის შემდეგ მოიპოვა.
ტაბატაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ყაზახეთის თასის ფინალში დუბლი შეასრულა.
ქართველმა ფორვარდმა თასზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში მეტოქთა კარი 8-ჯერ აიღო. ის თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ცნობისთვის, „აკჟაიკმა“ 14-გუნდიან პრემიერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და გავარდა.