„დინამომ“ მოულოდნელად ქულები „თელავთან“ დაკარგა

0
58

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოგებისთვის მებრძოლმა თბილისის „დინამომ“ 34-ე ტურში შინ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავს“ ვერ მოუგო – 1:1.
მატჩის მე-20 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ, ბარნს ოსეიმ ბურთი გაატარა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში მყოფმა იმრანმა ერთი შეხებით დაარტყა და „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0. პირველ ტაიმში კამარას ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. 50-ე წუთზე მეკარე ლუკა კუტალაძემ თანაგუნდელის მიერ დაგორებული ბურთი ძალიან ცუდად მიიღო და მის დასაუფლებლად იძულებული გახდა, რომ ლაშა კოხრეიძე წაექცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ბექა ქავთარაძემ გაიტანა.
ანგარიშის გათანაბრების შემდე გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი დინამოელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ნიკა მალიმ გოლიც გაიტანა. თუმცა, მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან მალის დარტყმამდე ანზორ მექვაბიშვილის მიერ ლაშა კოხრეიძის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. ნონიკაშვილი ამ ეპიზოდში აშკარად შეცდა.
შეხვედრის მიწურულს ჯერ კამარამ ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ გიორგი გაბედავას თავურის მერე ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
„დინამომ“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რაც შესაძლოა ჩემპიონობად დაუჯდეს. თბილისელებს 76 ქულა აქვთ და ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით ასწრებენ. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ბათუმელები ჩემპიონობას შეინარჩუნებენ, რადგან ურთიერთსეხვედრებში თბილისელებთან უპირატესობა აქვთ.
გია ცეცაძის გაწვრთნილ „თელავს“ 35 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.