კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ უკვე გავარდნილი თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და მოგება არ გაჭირვებია – 4:2.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნეს, როდესაც მცველის მოგერიებული ბურთი საჯარიმოს წინ ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა მიიღო და კარში ზუსტად გაგზავნა – 1:0. 36-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 2:0.
48-ე წუთზე კახა კახაბრიშვილმა ბათუმელთა საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეორეთი ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 2:1. 65-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან სერბი მილან რადინმა მარცხნიდან „ლოკომოტივის“ საჯარიმოში ჩააწოდა და ნიგერიელმა ბენჟამინ ტეიდმა თავით ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა – 3:1.
82-ე წუთზე გიორგი ზარიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ გიორგი პირტახიამ თავის კარში ჩაჭრა – 4:1. 90-ე წუთზე გეგა დიასამიძემ ბურთი „დინამოს“ საჯარიმოში მიიღო, მის წინ მდგომ გიორგი რეხვიაშვილს აუკენწლა და ლამაზი გოლი მიითვალა – 4:2.
მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ 70 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო გიორგი მინაშვილის „ლოკომოტივს“ 8 ქულა აქვს.




