ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ესპანური გუნდებიდან მხოლოდ მადრიდის „რეალი“ ითამაშებს, რადგან „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ შემდეგი ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს – 19 წლის წინ, როდესაც ტურნირის ფირმატი შეიცვალა პირველად მოხდა, რომ პლეი-ოფში ლა ლიგის მხოლოდ ერთი გუნდი გავიდა.
მე-5 ტურში „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 წააგო. სტუმრები მე-10 წუთზე სადიო მანემ დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე ჩუპო-მოტინგმა მეორე გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე წერტილი პავარმა დასვა. „ბარსელონამ“ C ჯგუფში ჯერჯერობით 4 ქულა დააგროვა და ხავის ხელმძღვანელობით ევროპა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-4 თამაში ვერ მოიგო – 3 მარცხი და ერთი ფრე. გარდა ამისა, კატალონიელებმა „ბაიერნთან“ შინ ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 5 წააგეს. მიუნხენელებმა „ბარსა“ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხეს – 22 გოლი გაიტანეს დდა 4 გაუშვეს. „ბაიერნმა“ ჯგუფურ ეტაპზე მიჯრით 12 მატჩი მოიგო, რაც ტურნირის ახალი რეკორდია. „ბარსამ“ ხავის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული 7 შეხვედრიდან ერთხელ გაიმარჯვა – პლზენის „ვიქტორიასთან“. ხავის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგაში გაამრრთული 7 მატჩიდან „ბარსამ“ 5-ში გოლი ვერ გაიტანა. მიუნხენელთა თავკაცი იულიან ნაგელსმანი ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში კატალონიელები ოთხჯერ დაამარცხა. “ბარსელონა” 90-იანი წლების მიწურულის შემდეგ პირველად, როდესაც გუნდს ლუის ვან გაალი წვრთნიდა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ სახლში „ვიქტორიას“ 4:0 სძლია და 10 ქულით როგორც მეორე ადგილი, ასევე 1/8-ფინალი გაინაღდა. “ბარსელონას” 4 ქულა აქვს და ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.
„ატლეტიკოს“ რაც შეეხება, დიეგო სიმეონეს გუნდი 1/8-ფინალს შინ ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩატარებულ მეტად დრამატულ მატჩში დაემშვიდობა.
განვლილი შეხვედრის მე-9 წუთზე გერმანელები დიაბიმ დააწინაურა, ხოლო კარასკომ 22-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 29-ე წუთზე ჰადსონ-ოდოიმ „ბაიერი“ წინა კიდევ ერთხელ გაიყვანა და დე პაულმა ანგარიშში თანაფარდობა 50-ე წუთზე აღადგინა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მადრიდელებმა კუთხური ჩააწოდეს და მთავარმა მსაჯმა კლემენ ტურპენმა თამაში დაასრულა. თუმცა, რეფერის ვიდეოასისტენტის კარნახის შემდეგ, მან სტანდარტული მდგომარეობის შესრულების შემდეგ საკუთარ საჯარიმოში „ბაიერის“ მცველ პიერო ინკალიეზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. კარასკოს შესრულებული თერთმეტმეტრიანი მეკარე ლუკაშ ჰრადეცკიმ მოიგერი. „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ გავიდა. მაშინ, მადრიდელებმა ევროპა ლიგა მოიგეს.
B ჯგუფის მეორე შეხვედრაში „პორტუმ“ სტუმრად „ბრიუგე“ 4:0 დაამარცხა. ბელგიელები 10 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ხოლო პორტუგალიელები 9 ქულით მეორე ადგილზე არიან. ორივე გუნდმა 1/8-ფინალი გაინაღდა. „ატლეტიკო“ 5 ქულით მესამეა, ხოლო „ლევერკუზენი“ 4 ქულით მეოთხე.






