მამარდაშვილმა პენალტი „აიკიდა“ – კავანის პირველი დუბლი ლა ლიგაში

0
25

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში თამაშის პერიოდში პირველი პენალტი „აიკიდა“.
მე-9 ტურში ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა ვალენსიელებმა „ელჩე“ მიიღეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის 29-ე წუთზე „ელჩეს“ შეტევის დროს მამარდაშვილმა კარიდან გამოსვლის დროს შეცდომა დაუშვა და დიგო გონსალესს მისი ხელი თავში ისე ძლიერად მოხვდა, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ხოლო საბოლოოდ შეცვალეს. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პერე მილიამ გამოიყენა.
41-ე წუთზე გაია „ელჩეს“ მცველმა ხოსანმა თავის საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. ედისონ კავანიმ წინა მატჩისგან განსხვავებით შანსი გამოიყენა და ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში ანდრე ალმეიდას ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა მეკარე გამოსვლაზე შეცდა და კავანიმ დუბლი გაიფორმა.
65-ე წუთზე, მასპინძლები დაცვაში შეცდნენ და კლერკის გადაცემის მერე, პერე მილიამ ახლო მანძილიდან თავით ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ დარჩენილ დროში „ელჩემ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა სავსებით უსაფუძვლოდ არ ჩათვალა და „ვალენსიას“ მოთამაშეზე თამაშის წესის დარღვევა მაშინ დააფიქსირა, როდესაც სტუმრები უტევდნენ. როგორც ამ დროს იტყვიან, არბიტრმა ჯარიმა დამნაშავის სასარგებლოდ მისცა. საბოლოო ჯამში გოლი გაუქმდა და „ელჩემ“ მხოლოდ საჯარიმო დარტყმის უფლება მიიღო.