რამაზ სვანაძე: “ვეცდებით ეს წაგება ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ”

0
63

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, კუვილიაში, ჟოზე დოს სანტოს პინტოს სახელობის სტადიონზე პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.
დღევანდელი მარცხი, რამაზ სვანაძის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრებისთვის პირველი წაგება აღმოჩნდა. 21-წლამდელებიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გიორგი მოისრაფიშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა.
შეხვედრის შესახებ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და გუნდის ნახევარმცველმა – ნიკა გაგნიძემ ისაუბრეს.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ცუდია, რომ ძალიან კარგი სერია რომელიც გვქონდა, დღეს შეწყდა. უფრო ცუდი ის არის, რომ თამაში შესაძლოა წავაგოთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლითაც ბოლო წლებში თავი დავამახსოვრეთ გულშემატკივარს.
ვეცდებით, რომ ეს წაგება ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენოთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ძალიან კარგია, რომ ასეთ გუნდებთან ვთამაშობთ. მიუხედავად მარცხისა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი გამოცდილება, ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება ევროპის ჩემპიონატზე”.
ნიკა გაგნიძე (21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი): “ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგი პირველ ყოვლისა განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი პლუსები და საბოლოოდ მივიღეთ ეს შედეგი.
მაგრამ წინ არის მეორე თამაში, სადაც ვეთამაშებით თურქეთს და ვეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით გამოვასწოროთ და მოვახდინოთ რეაბილიტაცია ჩვენი თავის და გულშემატკივირის წინაშე”.
მატჩის ოქმი – პორტუგალია 4:1 საქართველო