„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში სტუმრად მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ დაამარცხა და გამარჯვებულთა წარმატებაში დიდი როლი საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ითამაშა.
მასპინძლებს პირველ ტაიმში დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ და კვარაცხელიასაც პერსონალურ მეურვე კალაბრიასთან გამკლავება უჭირდა. თუმცა, ქართველმა იმდენი მოახერხა, რომ ყვითელი ბარათი ჯერ მე-18 წუთზე კიაერს მიაღებინა, ხოლო შემდეგ – მე-40 წუთზე კალაბრიას. მილანელებს შესვენებამდე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ოლივიე ჟირუს დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მასპინძლების თავკაცმა სტეფანო პიოლიმ შესვენებაზე კალაბრია შეცვალა და კვარაცხელიას აყვანა დესტს დაავალა. 52-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და იმდენი მოახერხა, რომ დესტმა მის წინააღმდეგ იუხეშა. რეფერის ვიდეო ასისტენთან გადამოწმების შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პოლიტანომ გამოიყენა. სხვათა შორის, ვიდრე მსაჯი ამ ეპიზოდს ამოწმებდა კვარაცხელიას და მილანელ რადე კრუნიჩს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. კრუნიჩმა მიიჩნია, რომ კვარაცხელიას ტკივილი არ აწუხებდა და მოედანზე დროის გასაყვაანდ იწვა. თუმცა, ფეხზე ამდგარმა ქართველმა მას ხელები მკერდში ჰკრა, მაგრამ ინციდენტში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერივნენ, რის შემდეგ, ვითარება განიმუხტა.
69-ე წუთზე ტეო ერნანდესი ნეაპოლელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ჟირუს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე მარიო რუიმ ბურთი მილანელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ჯოვანი სიმეონემ თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე ნდომბელემ შეცვალა. „მილანმა“ სერია A-ში ჩატარებულ ბოლო 23 მატჩში პირველად წააგო. მანამდე, „როსონერიმ“ 15 თამაში მოიგო და 7 ფრედ დაასრულა, „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.





