გერმანიამ ევრობასკეტზე მედლების სრული კომპლექტი შეკრა

0
36

გერმანიის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველა სინჯის მედალი მოიპოვა. 1993 წელს ბუნდესგუნდმა პირველობა იზეიმა, 2005-ში ფინალში დამარცხდა, წლეულს კი ბერლინში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატის პლეი ოფის სტადიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონეთს 82:69 სძლია და დამსახურებულად გახდა ევრობასკეტის მესამეადგილოსანი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის გორდონ ჰერბერტის გაწვრთნილი გერმანელები მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდნენ პოლონელებს (ასპარეზობისთვის განკუთვნილი 40 წუთი სათამაშო დროიდან 38.25 წუთის განმავლობაში წინ იყვნენ), სტუმრებმა მართალია მეოთხე პერიოდის დასაწყისში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ გერმანელთა ლიდერმა დენის შროდერმა მიჯრით მოახერხა ზუსტი სამქულიანების შესრულება, მასპინძლებმა ლიდერის სტატუსი დაიბრუნეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობითაც იმარჯვეს.
მოგებულთაგან ყველაზე შედეგიანი გასულ ზაფხულს „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ დაბრუნებული დენის შროდერი გახლდათ. გერმანელთა უკანახაზელმა 26 ქულას 6 შედეგიანი გადაცემაც მიაყოლა. სათქმელია ისიც, რომ შროდერს ბურთის 8 დაკარგვაც ჰქონდა. კარგი თამაშით თავი გამოიჩინა იოჰან ვოიტმანმაც. 209 სმ სიმაღლის წინახაზელმა 14 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი გამოიმუშავა.