ილიას ზუროსმა 12 კალათბურთელი შეარჩია

0
37

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურ მატჩებს იწყებს. დღემდე, მოსამზადებელ პერიოდში გამართული ამხანაგური მატჩები მხოლოდ საიმისოდ იყო, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა და ევრობასკეტისთვის მომზადებული და ეს დროც დადგა: 24 აგვისტოს საქართველო “თბილისი არენაზე” ნიდერლანდებს მასპინძლობს.
ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც საქართველო თავის ყოფილ თანაჯგუფელებთან – ესპანეთთან და უკრაინასთან ერთად არის, თუმცა ამ ნაკრებებთან ჩატარებული თამაშები მეორე ეტაპზე გადაჰყვა და მომავალ მატჩებს მომდევნო ჯგუფიდან კვალიფიცირებულ ისლანდიასთან, იტალიასთან და ნიდერლანდებთან გამართავს. პირველი ფანჯრის ფარგლებში ნიდერლანდებთან ერთად საქართველო იტალიას ეთამაშება სტუმრად, ქალაქ ბრეშაში. ნაკრები აპენინებზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება და იტალიას 27-ში დაუპირისპირდება.
ნიდერლანდები ჯგუფის აუტსაიდერად ითვლება, რადგან მეორე ეტაპზე გამარჯვება არ გამოჰყოლია (საქართველოს 2 მოგება აქვს), თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ევროკალათბურთში, მით უმეტეს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ნიდერლანდები ძალიან მებრძოლი გუნდია, რომელსაც საქართველო ევრობასკეტ 2015-ზე, ხორვატიაში ჰყავს დამარცხებული და თბილისში, ამჯერადაც მოგებას ეცდება.
გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური.
საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჰოლანდიასთან მატჩისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია. მე-13 კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილია, რომელიც ნაკრებს იტალიაში გაჰყვება და ბრეშაში გადაწყდება, ითამაშებს თუ არა. მას ტრავმა აწუხებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშს შეუდგა, ბოლომდე მწყობრში ჩამდგარი არ გახლავთ.
ნიდერლანდებთან შეხვედრის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გააკეთეს:
თორნიკე შენგელია: “აშკარა ხარვეზი, რაც არის, ეს დაცვაა. შეტევაში 80-90 ქულაზე მეტს ვაგდებთ, რაც თამაშის მოსაგებად წესით სავსებით საკმარისია. ვეცდებით, ეს ასპექტი გამოვასწოროთ. ტესტ-მატჩებში კი დავმარცხდით, მაგრამ ამან უფრო მეტი მოტივაცია შეგვძინა, რომ ოფიციალურ მატჩებში სრულიად მობილიზებულები ვიყოთ”.
სანდრო მამუკელაშვილი: “განწყობა ძალიან კარგია, ჩემი აზრით, მზად ვართ. რა თქმა უნდა, ბევრ გულშემატკივარს ველოდებით, რომ ეს თამაში ერთად მოვიგოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა რამხელა მიღწევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველამ ვიცით და ამისთვის ყველა ვიბრძვით. შეთამაშების პროცესი კარგად მიდის, ბიჭებს დავუახლოვდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დრო გვჭირდება, რომ უკეთ შევთამაშდეთ და ჩემი პოზიცია ვიპოვო გუნდში. მწვრთნელიც ძალიან მეხმარება და ყველაფერი დადებითისკენ მიდის. დაცვაზე ბევრს ვმუშაობთ, გოგაც დაგვემატა, რაც ჩვენთვის დიდი პლუსი იქნება. ვმუშაობთ და 100%-ით დავიხარჯებით”.
გიორგი შერმადინი: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაქსიმალურად ვემზადებოდით. ჩავარდნები გვქონდა, წავაგეთ ამხანაგური მატჩები, მაგრამ როგორც მწვრთნელი გვეუბნებოდა, ეს თამაში ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი იყო. ახლა ცოტა რთული პერიოდი გვაქვს ამ წაგებების მერე, მაგრამ ამ პერიოდს გადავლახავთ და ნიდერლანდებთან მოგებით წინ წავალთ. ჩვენს გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება დღეს და განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე. ნიდერლანდელებს ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მსროლელები ჰყავს, მოვემზადეთ და ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.