„რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი ვიგოში ადგილობრივ „სელტას“ დაუპირისპირდა და 4:1 სძლია.
მატჩის მე-14 წუთზე პენალტიდან ანგარიში გუნდის კაპიტანმა ქარიმ ბენზემამ გახსნა, ხოლო „სელტას“ ლიდერმა იაგო ასპასმა საპასუხო ბურთი ასევე თერთმეტმეტრიანიდან 23-ე წუთზე გაიტანა.
51-ე წუთზე სტუმრები ლუკა მოდრიჩმა დააწინაურა, რასაც 56-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორის გოლი მოჰყვა. 66-ე წუთზე ვიგოელთა კარი ვალვერდემ აიღო. „რეალს“ ანგრიშის გაზრდა კიდევ შეეძლო, მაგრამ 87-ე წუთზე ედენ აზარმა პენალტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 23 მატჩში „რეალის“ სასარგებლოდ 11 პენალტი დანიშნეს, იმდენივე რამდენიც მანამდე გამართულ 90 შეხვედრაში.
„რეალმა“ 2018 წლის შემდეგ პირველად სეზონი მიჯრით ორი გამარჯვებით დაიწყო. ბენზემამ ლა ლიგაში თავი 220 გოლს მოუყარა და ამ მაჩვენებლით ტურნირის ისტორიაში მე-8 ადგილზეა.
საუკეთესო შედეგი ლიონელ მესის აქვს – 472 გოლი, მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა – 311, ხოლო მესამეზე ტელმო სარა – 251.



