ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს

0
74

თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი ლუკა პარკაძე კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კონტრაქტი ხუთი წლით გაფორმდა. 17 წლის ნახევარმცველი მიუნხენურ გრანდს 2023 წლის ზაფხულიდან შეუერთდება, მანამდე კი, ლუკა პარკაძე თბილისურ კლუბში იასპარეზებს.
“ლუკას გარკვეული პერიოდია ვიცნობთ და ჩვენი მზვერავები მას თვალს ადევნებენ. გარდა ამისა, მან საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა “ბაიერნის” კამპუსში გასინჯვის დროს. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ის გადავიბირეთ. ამისთვის მადლობას ვუხდით “დინამო თბილისს” და ფეხბურთელის მენეჯერ გურამ კაჭახიძეს” – ციტირებს გერმანული გრანდის ვებგვერდი კამპუსის მენეჯერ იოხენ ზაუერს.

 პარკაძე “დინამოს” აკადემიაში 2017 წლიდან ირიცხება და ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშემ ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის 27 ივლისს აზერბაიჯანული “თურანის” წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკაძემ პირველი ტაიმი ითამაშა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაკრებო კარიერას, პარკაძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია. ამ გუნდის შემადგენლობაში მის ანგარიშზე 19 შეხვედრა და სამი გოლია.