გერმანიაში ახალი სეზონის სუპერთასის მატჩით დაიწყო, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ ლაიფციგში „რედ ბულ არენაზე“ თასის მფლობელ „ლაიფციგს“ შეხვდა და 5:3 გაიმარჯვა.
მე-14 წუთზე ანგარიში მუსიალამ გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე მიუნხენელთა ახალწვეულმა სადიო მანემ მეორე გოლი გაიტანა. 45-ე წუთზე „ბაიერნიდან“ თავი პავარმა გამოიჩინა. 59-ე წუთზე ჰალსტენბერგმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ 6 წუთში გნაბრიმ სტატუს-ქვო აღადგინა – 1:4.
77-ე წუთზე ნკუნკუმ პენალტი ზუსტად შეასრულა, რასაც დანი ოლმოს გოლი მოჰყვა და მასპინძლებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ლეროი სანემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო საერთო ჯამში – მეათედ.
იულიან ნაგელსმანმა მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელის რანგში მესამე ტიტული მოიპოვა – ერთხელ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ სუპერთასს დაეუფლა.





