პოზნანის “ლეხის” მთავარ მწვრთნელ ჯონ ვან დერ ბრომის თქმით, საქართველოში კარგ ხასიათზე ჩამოვიდნენ, მაგრამ სიუპრიზებისთვის მზად უნდა იყვნენ. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯონ ვან დერ ბრომი: “გასულ კვირაში მიღწეული ანგარიშით ძალიან ბედნიერები ვართ. ცხადია გვესმის, რომ ევროპაში 5:0 გამარჯვება დიდი მოგებაა. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით არც ისე კარგი შედეგების შემდეგ. ბათუმის “დინამოსთან” მოგებამ დიდი თავდაჯერება მოგვცა. საქართველოში კარგ ხასიათზე ჩამოვედით, თუმცა სიურპრიზებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. მიმაჩნია, რომ “დინამოს” იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ეს წინა ხუთშაბათს აჩვენეს. ვნახე “სლოვანთან” ჩატარებული მათი მატჩები და ქართველები გაცილებით უკეთესები იყვნენ. თუ ხვალ იმ შეხვედრების დონეზე ითამაშებენ, ფანებთან ერთად წინა კვირისაგან სრულად განსხვავებულ “დინამოს” ვიხილავთ. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
არასდროს მითქვამს, რომ “დინამო” კარგი გუნდი არაა. პოზნანში ჩატარებულ შეხვედრაშიც გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდათ. 0:5 წაგებულ მატჩშიც კი “დინამომ” რამდენიმე კარგი ეპიზოდი შექმნა. ჩვენთვის განსხვავებული რეალობა იდგა, ამ დაპირისპირებამდე საკმაოდ ცუდი შედეგები გვქონდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გამარჯვების მომპოვებელი გუნდი ვნახე, რომელმაც კარგი ფეხბურთი აჩვენა და ლამაზი გოლები გაიტანა.
მესმის, რომ ბათუმის “დინამოს” პატივი უნდა ვცე, თუმცა მაპატიეთ, მაგრამ მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ კარგად ვითამაშეთ. ხვალაც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ, რადგან აქ შვებულების გასატარებლად არ ჩამოვსულვართ. არადა ძალიან ლამაზი ქალაქია, შესანიშნავი ამინდი, ბრწყინვალე სასტუმრო ზღვის ხედით, მაგრამ აქ საქმისთვის ჩამოვედით და წინა კვირაში შექმნილი განწყობის შენარჩუნებას უნდა ვეცადოთ.
არ გამოვრიცხავ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში შანსი იმ ფეხბურთელებს მივცე, რომლებსაც პოზნანში არ უთამაშიათ. თუმცა, გუნდის ნახევარზე მეტის შეცვლას არ ვაპირებ, ამას არ ელოდოთ. ჩემპიონატში არ გვითამაშია, დასვენებულები ვართ და ჩემი მოთამაშეები გამარჯვებას მოწყურებულები არიან. ისეთივე ფეხბურთის ჩვენება გვინდა, რაც წინა კვირაში გავაკეთეთ.
ამ მომენტისთვის წიტაიშვილის ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, თუმცა საუკეთესოდ არა. ის ჩვენთან 3 კვირის წინ მოვიდა და რაღაცების გაუმჯობესება სჭირდება, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. თუმცა, ძალიან კარგად ვიცით რა დონის ფეხბურთელიცაა.
წიტაიშვილი ძალიან მიმზიდველი მოთამაშეა და ბევრ სიტუაციაში შეუძლია მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა. მასზე უნდა ვიზრუნოთ და მისი საუკეთესო ვერსია მალე მივიღოთ. ის ფორმაში შედის, მაგრამ ჯერ იქ არ არის, სადაც შეუძლია იყოს და ეს გიოს ასაკიდან გამომდინარე მოულოდნელი სულაც არ არის.





