დავით ხოჭოლავას თქმით, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მომავალში უკეთესი ფეხბურთი უნდა აჩვენოს. ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, რომელიც “საბურთალოს” აღზრდილია, ამის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.
დავით ხოჭოლავა: “ბოლო მატჩებში წარმატება გვქონდა. რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვიხარია. ივნისის შეხვედრებში კარგად წარმოვაჩინეთ თავი, მომავალში კიდევ უფრო უნდა მოვუმატოთ, რომ უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩანს, რომ ყველა ეროვნული ნაკრების ირგვლივაა შეკრული, რაც სასიამოვნო ფაქტია. დიდი თუ პატარა ყველა ფეხბურთზე და ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებზე საუბრობს.
გვსურდა, ივნისის მატჩებში 12 ქულა დაგვეგროვებინა, თუმცა არც 10 ქულაა ურიგო. წინ რთული და საინტერესო მატჩები გველის. ერთმანეთის გვერდით დგომით, ვფიქრობ წარმატება გვექნება და ყველა ერთად გავიხარებთ”.
– ცალკე უნდა აღინიშნოს ის ემოციები და ატმოსფერო, რაც სტადიონზე სუფევდა. რა შეგრძნება გქონდათ?
– ეროვნული ნაკრების მაისურით “დინამო არენაზე” თამაში, სულ სხვა ემოციებს და განცდებს იწვევს. ევროპაში, ბევრ ისტორიულ სტადიონებზე მითამაშია, მაგრამ ჩვენს არენას ვერაფერი შეედრება. ძალიან ვიმუხტები, როდესაც გადაჭედილ “დინამო არენას” ვხედავ, როდესაც ყველა შენს გვერდითაა და მხოლოდ გამარჯვებას ელიან.
– შედარება რომ გავაკეთოთ – რა ხდება “კოპენჰაგენის” საშინაო მატჩებზე?
– კოპენჰაგენში 40000-იანი სტადიონია. არ აქვს მნიშვნელობა, აუტსაიდერს ეთამაშები თუ ლიდერს, სტადიონი ყოველთვის ბოლომდე ივსება. კოპენჰაგენში მატჩისთვის დილიდან ემზადებიან, ჯერ სტადიონის ირგვლივ სხვადასხვა გასართობი საშუალებებით ერთობიან, შემდეგ კი სტადიონზე შემოდიან. თამაშებზე ქომაგები ოჯახებით დადიან, ყოველი მატჩი დიდი დღესასწაულია.
– დანიამდე იყო დონეცკის “შახტარი”, სადაც რამდენიმე კარგი სეზონი ჩაატარეთ. როგორ იხსენებთ “მეშახტეებში” გატარებულ წლებს?
– “შახტარამდე” ოდესაში ვთამაშობდი, იქაურობაზე ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. “შახტარი” მაღალი დონის კლუბია, რომელიც ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ჩემპიონთა ლიგა კი ვფიქრობ საუკეთესოა ევროტურნირებში. იქ თამაშით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.
ბოლო დროს სისტემატურად ვერ ვთამაშობდი ძირითად შემადგენლობაში და გადავწყვიტე, სადაც ხშირად მომიწევდა თამაში, იქ გამეგრძელებინა კარიერა. დანიელებს ადრეც ჰქონდათ ჩემი გადაბირების სურვილი, ორი წელი მელოდნენ, მაგრამ იმ დროს არ გამოვიდა. როდესაც ტრანსფერი ხორციელდებოდა, “შახტარმა” ჩემს სანაცვლოდ ზომიერი თანხა მოითხოვა, ყველანაირად ხელი შემიწყო.
– უკრაინაში ბევრი მეგობარი გყავთ. ალბათ გაქვთ კომუნიკაცია, რას ამბობენ, რა მდგომარეობაა ახლა?
– მეუღლე უკრაინელი მყავს, იქაურობა ძალიან მიყვარს. ხშირად მაქვს კომუნიკაცია უკრაინაში, ვგებულობ მათ ამბებს ხოლმე. იდეის დონეზე არის საუბრები, რომ სექტემბრიდან დაიწყოს ჩემპიონატი, თუმცა ერთ ქალაქში კიევში ან ლვოვში.
– ბავშვობის დიდი ნაწილი “საბურთალოს” აკადემიაში გაატარეთ. როგორ მოხვდით “საბურთალოში”?
– 6 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში გიორგი დევდარიანთან დავიწყე. მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩემთვის, მისი წვლილი დიდია, დღეს რომ ფეხბურთელი ვარ. თავდაპირველად, ფორვარდი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დევდარიანმა დაცვის რგოლში მათამაშა და მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ.
როდესაც, “საბურთალოს” აკადემიის პროექტი იწყებოდა, 10 წლის ვიყავი. აკადემიას პროფესიონალი ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში – ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა ჭუმბურიძე, კახა კაშია… ხელმძღვანელებს მიზნად თავიდავე ჰქონდათ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, “საბურთალოს” უძლიერესთა რიგებში უნდა ეთამაშა. მაშინ ჩემპიონატში მხოლოდ ჭაბუკთა ლიგის გუნდები ასპარეზობდნენ.
როგორც ხედავთ, “საბურთალოს” ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი რეალობად აქციეს და რამდენიმე წელიწადში რამდენიმე ტიტული მოიგეს. ბავშვობა “საბურთალოში” გავატარე, სხვაგან ასე კარგად ვერსად ვერ გავიზრდებოდი. ამ აკადემიაში ვთამაშობდით ის ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ საქართველოს ნაკრებში მოხვდნენ – ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, კობახიძე, ჭანტურია. შემდეგ იყო არაბული, დვალი. ახლა რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ რომ “საბურთალოს” სკოლის გაზრდილები არიან: კუპატაძე, ალთუნაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი. ამ ფორმაციის ნაკრებში 8 “საბურთალოს” აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობდა, რაც ძალიან დიდი ციფრია. “საბურთალოსთან” ერთად ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
– მომავალში “საბურთალოსთან” ერთად რა გეგმები გაქვთ?
– ვისაუბრე ტარიელ ხეჩიკაშვილთან. შესაძლოა, “საბურთალოსა” და “კოპენჰაგენის” თანამშრომლობა შედგეს. კარგი ურთიერთობები მაკავშირებს დანიელებთან და ამის გამოყენებას ვეცდები. ნიჭიერმა ფეხბურთელებმა შესაძლოა სტაჟირება “კოპენჰაგენში” გაიარონ, ასევე სხვადასხვა სახის ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. მინდა, “საბურთალოს” განვითარებას კიდევ უფრო ხელი შევუწყო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კლუბსა და ყველა აქ მომუშავე პერსონალს.
– რას ეტყვით მოზარდ და ჭაბუკ ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ?
– აუცილებლად ბევრი უნდა იშრომონ და დაიცვან რეჟიმი, სხვანაირად წარმოუდგენელია წარმატებაზე ფიქრი. გუნდთან ერთად საათნახევარი ვარჯიში არაა საკმარისი, სულ მუშაობა და შრომაა საჭირო.





