საქართველოს 15 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მოლდოვის ნაკრებთან 2:2 ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერია შეასრულეს, რომელიც მოლდოველთა გამარჯვებით – 7:6 დასრულდა.
მატჩში ანგარიში მოლდოველებმა გახსნეს. პირველი ტაიმის ბოლოს კი ანგარიში ლუკა წულაიამ გაათანაბრა, რომელმაც ტურნირზე მეორე გოლის გატანა შეძლო. მოლდოველებს შესვენებამდე 2 ფეხბურთელი გაუძევეს. შეხვედრის მე-60 წუთზე, საქართველოს 15-წლამდე ნაკრები გიგი გლუნჩაძემ დააწინაურა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.
მოლდოველებმა წონასწორობის აღდგენა მატჩის მიწურულს მოახერხეს – 2:2. ტურნირის რეგულაციების მიხედვით, გუნდებმა შეხვედრის ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს და გიორგი ჩიტაური გუნდი დამარცხდა.
შედეგად, ჩვენმა ასაკობრივმა, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის გამო სტანდარტულად 1 ქულა მოიპოვა, ხოლო მეტოქე გუნდმა პენალტების სერიაში გამარჯვებით დამატებითი 1 ქულა მიიღო და მოლდოველები 2 ქულით, ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები, 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველობის მოპოვებას, 12 მაისს, მასპინძელი სომხეთის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება.
მატჩის ოქმი – მოლდოვა 2:2 (7:6/პენ) საქართველო




