“საბურთალოს” მე-500 გოლი შინდაგორიძის ანგარიშზეა

0
27

გუშინ, ქუთაისის “ტორპედოსთან” მატჩში ლაშა შინდაგორიძემ “საბურთალოს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, როდესაც 85-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი. აღნიშნული გოლი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კლუბის ისტორიაში საიუბილეო, მე-500-ე აღმოჩნდა, რაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ამბავია.
“საბურთალო” 1999 წელს დაარსდა, თუმცა უძლიერესთა რიგებში ასპარეზობა 2015 წლიდან დაიწყო. მიუხედავად მოკლე პერიოდისა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენმა კლუბმა შეძლო ქვეყნის ჩემპიონობა (2018), შემდეგ კი  თასისა (2019-2021) და სუპერთასის (2020) მოპოვება.
საიუბილეო მეგოლეებზე დავიწყეთ საუბარი და გეტყვით, რომ პირველად, მე-100 გოლი გურამ გოშთელიანმაგაიტანა, ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენი კლუბი პირველ ლიგაში ასპარეზობდა.
მორიგი, საიუბილეო გოლი უკვე გიორგი ხარაიშვილის ანგარიშზეა – “რობიმ” მე-200 გოლი 2016 წელს შეაგდო.  მე-300 გოლის ავტორი დავით ვოლკოვი  გახდა – ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საიუბილეო ბურთი 2018 წელს გაიტანა. იმ დროს, როდესაც “საბურთალო” პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
მე-400 გოლი კი ჩვენი კლუბის ყოფილი ლეგიონერის, კენიელი ელვინ ტერას ანგარიშზეა,  რომელიც “საბურთალოში” წლების განმავლობაში თამაშობდა.
საიუბილეო გოლის ავტორები, წლები და მეტოქეები:
100 გოლი: გურამ გოშთელიანი, 2015 წელი, 5 მარტი, ლოკომოტივი – საბურთალო 3:2
200 გოლი: გიორგი ხარაიშვილი, 2016 წელი, 20 ნოემბერი, საბურთალო – ზუგდიდი 3:1
300 გოლი: დავით ვოლკოვი, 2018 წელი, 3 ნოემბერი, საბურთალო – რუსთავი 2:1
400 გოლი: ელვინ ტერა, 2020 წელი, 11 აგვისტო, სამტრედია – საბურთალო 1:2
500 გოლი: ლაშა შინდაგორიძე, 2022 წელი, 8 მაისი, ტორპედო – საბურთალო 0:1