ნიკა აბულაძე: “რაგბი ჩემთვის ცხოვრებაა”

0
2

31 წლის ბორჯღალოსანმა ნიკა აბულაძემ, რომლის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს ბათუმში, იტალიასთან ისტორიულ მატჩში შედგა, სარაგბო გამოცემა rugbypass ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ინგლისის პრემიერშიფის ‘ექსეთერ ჩიფსის’ ბურჯმა ისაუბრა პირველ ნაბიჯებზე, რომელიც რაგბში გადადგა, ვნებაზე, რომელიც მას სპორტის ამ სახეობასთან აკავშირებს და სამომავლო გეგმებზე, რომლებსაც ბორჯღალოსნებთან ერთად ისახავს.
-ნიკა, როგორ აღმოაჩინე რაგბი? იყო ვინმე, ვინც შთაგაგონა ან მოტივაცია მოგცა, რომ ამ სპორტში პირველი ნაბიჯები გადაგედგა და რაგბი შენს მთავარ საქმედ გექცია?
– რაგბის თამაში 20 წლის ასაკში დავიწყე. იმ დროისთვის უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ვიყავი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა. მაშინ რაგბი საქართველოში პოპულარობის პიკზე იყო, ამ სპორტის მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა და ჩემი მეგობარიც თამაშობდა. ამანაც გარკვეულწილად მიბიძგა, რომ მეც მეცადა ძალები რაგბიში და კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს გადაწყვეტილებაში.
-რამ შეგაყვარა რაგბი? რა მოგწონდა ყველაზე მეტად – ბოჭვა, შერკინება თუ სხვა რამ? შეგიძლია გაიხსენო რაიმე ეპიზოდი რაგბიში შენი პირველი წლებიდან?
– პირველ რიგში, რაგბის სულისკვეთება და ხასიათი მომეწონა. ვფიქრობ, სწორედ ამან მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა პირველივე ვარჯიშიდან. მახსოვს, მესამე ვარჯიშზე ცხვირი გავიტეხე, თუმცა ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებაში და ზუსტად ვიცოდი, რატომ დავიწყე რაგბის თამაში. ერთი თვის შემდეგ ისევ დავბრუნდი ვარჯიშზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამვა მარტივი არ იყო, ეს გამოცდილება ჩემს სურვილსა და მოტივაციაზე არ ასახულა.
-როდის გამოგიძახეს პირველად საქართველოს ნაკრებში (U18 ან U20)? გახსოვს, როგორი რეაქცია გქონდა გამოძახებაზე? და როდის მიიღე პირველი გამოძახება ეროვნულ ნაკრებში?
– ახალგაზრდულ ნაკრებებში არასდროს მითამაშია. იმ ასაკში საერთოდ არ ვიყავი ჩართული რაგბიში ისე, რომ რომელიმე ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება მქონოდა. ეროვნულ ნაკრებში 2021 წელს გამომიძახეს და ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. მაშინ დიდ 10-ში ვთამაშობდი, დიდი გამოცდილებაც არ მქონდა და ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთ დონეზე თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა. ამიტომ, ეს გამოძახება განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო, რადგან ფაქტობრივად, არ ველოდი, რომ ასე სწრაფად გავხდებოდი ეროვნული ნაკრების წევრი.
-რას ნიშნავდა შენთვის ბორჯღალოსნები მანამდე, სანამ თავად გახდებოდი ნაკრების წევრი? საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამდენი მატჩის ჩატარების შემდეგ შეიცვალა თუ არა შენთვის ბორჯღალოსნების მნიშვნელობა ან აღქმა?
– 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებდი და კარგად მახსოვს ის პერიოდი. მაშინ საქართველოს ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავდა და ამ ბიჭების თამაშით განსაკუთრებულად ამაყი ვიყავი. ისინი ჩემთვის მაგალითები იყვნენ. თუმცა, მაშინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს თავადაც მათ გვერდით ვითამაშებდი ეროვნულ ნაკრებში. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც კი ვფიქრობდი. უბრალოდ, ვუყურებდი მათ თამაშს და ვამაყობდი იმით, რასაც საქართველოს ნაკრები აკეთებდა.
ეს, პირველ რიგში, სიამაყისა და სიყვარულის განცდაა იმ საქმის მიმართ, რომელსაც აკეთებ, და იმის მიმართ, რასაც ბორჯღალოსნებში თამაში ჰქვია. ვფიქრობ, ეს გრძნობა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შეიცვლება. ჯერჯერობით ჩემში არაფერი შეცვლილა და ისევ იმავეს განვიცდი, რასაც ეროვნული კვართის ჩაცმისა და მოედანზე გასვლის დროს. ეს ისეთი განცდაა, რომლის სრულად გადმოცემაც სიტყვებით რთულია. ალბათ, თავად უნდა ჩაიცვა ეს მაისური, გახვიდე მოედანზე და გამოსცადო, რომ ზუსტად მიხვდე, რას ნიშნავს ის თითოეული ქართველისთვის. ჩემთვის ეს მხოლოდ სპორტული ფორმა არ არის – მასთან ძალიან დიდი ემოცია და პასუხისმგებლობაა დაკავშირებული.
-2023 წელს პირველად დატოვე საქართველო და ინგლისურ კლუბ ‘ექსეთერ ჩიფს’-ს შეუერთდი. როგორ მოხდა ეს? შეთავაზებაზე თანხმობა მაშინვე განაცხადე?
– 2023 წელს პირველად წავედი უცხოეთში სათამაშოდ. თავიდან ეს ჩემთვის საკმაოდ სტრესული და რთული პერიოდი იყო. ახალ გარემოსთან შეგუება, განსხვავებული კულტურა და ცხოვრების ახალი წესი, მარტივი არ აღმოჩნდა. თუმცა დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი ჩემს განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მის გარეშე, როგორც სპორტსმენი და მოთამაშე, ალბათ ვერ გავიზრდებოდი ისე, როგორც გავიზარდე. უცხოეთში თამაში სხვა გამოცდილებას გაძლევს, გაიძულებს, დამოუკიდებლად გაუმკლავდე სირთულეებს და ყოველდღიურად განვითარდე. მანამდე კიდევ ერთი ინგლისური გუნდი, ‘ვუსტერ ვორიორსი’, იყო, რომელთანაც კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს წასვლამდე გუნდი დაიშალა. საბოლოოდ, ჩემი პირველი უცხოური გამოცდილება ექსეთერში შედგა.
-როგორი იყო შენი პირველი სეზონი ‘ჩიფსში’? მოგეწონა ინგლისის პრემიერშიპში თამაში? იგრძენი თუ არა, რომ რობ ბასტერის ხელმძღვანელობით, როგორც მორაგბე, გაიზარდე და განვითარდი?
– გუნდში მისვლის პირველივე დღეებიდან ძალიან დიდი ნდობა ვიგრძენი. მახსოვს, სულ ორი დღის ჩასული ვიყავი და თავიდანვე ვიცოდი, რომ იმ კონკრეტულ მატჩში არ უნდა მეთამაშა. თუმცა ერთ-ერთი მოთამაშე დაშავდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციაზე სხვა მოთამაშეებიც ჰყავდათ, მწვრთნელმა არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ეს ჩემპიონთა თასის პლეი-ოფის მატჩი იყო.
იმ მომენტისთვის არც პრემიერშიფში თამაშის გამოცდილება მქონდა და არც მსგავს დონეზე ასპარეზობის. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღის მისული ვიყავი გუნდში და ასეთ მნიშვნელოვან მატჩში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ უდიდესი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა მომცა. ვფიქრობ, მოთამაშისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სწორედ მწვრთნელის ნდობაა. როდესაც მწვრთნელი გენდობა, ეს შენშიც აჩენს რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ხვდები, რომ შენს შესაძლებლობებს ხედავენ და შენი სჯერათ. სწორედ ამ ნდობიდან იწყება ბევრი რამ – თავდაჯერება, მოტივაცია და სურვილი, რომ მოედანზე ეს ნდობა გაამართლო.
-რთული იყო უცხო ქვეყანაში თამაში და ოჯახის დატოვება? თუმცა, ‘ექსეთერში’ გადასვლა საბოლოოდ წარმატებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, არა?
-უცხო ქვეყანაში ადაპტაცია ნამდვილად გამიჭირდა. ინგლისურიც კარგად არ ვიცოდი და განსაკუთრებით ბრიტანული ინგლისურის გაგება მიჭირდა. სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი და გარკვეული პერიოდი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი. თუმცა ერთი რამ მეხმარებოდა – როდესაც მოედანზე გადიხარ და თამაშობ, თამაშის ემოციები, დატვირთვა და პროცესი სხვა პრობლემებს უკანა პლანზე სწევს. იმ მომენტში მთლიანად თამაშზე ხარ კონცენტრირებული და სხვა სირთულეებზე ფიქრისთვის დრო აღარ გრჩება.
ამ პროცესში ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა ოჯახისგან. ჩემი მეუღლე და პატარა შვილი პირველივე დღიდან ჩემ გვერდით იყვნენ და ეს ჩემთვის უდიდესი დახმარება იყო. როდესაც უცხო ქვეყანაში ხარ, სადაც ყველაფერი ახალია და ადაპტაცია გიჭირს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გყავდეს ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ. მათი თანადგომა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
-2024 წელს კლუბი შეიცვალე და ‘მონპელიეს’ შეუერთდი. ამ გუნდთან ერთად მოიგე EPCR ჩელენჯ ქაფი, ხოლო გასულ სეზონში ტოპ 14-ის ვიცე-ჩემპიონი გახდი. როგორი გამოცდილება იყო ტოპ 14-ში თამაში?
-მონპელიეში გადასვლამდე საკმაოდ მძიმე პერიოდი მქონდა – აქილევსის მყესი გავიწყვიტე და საფრანგეთში ფაქტობრივად ტრავმირებული წავედი. შესაბამისად, ფრანგული კარიერაც ჩემთვის მარტივად არ დაწყებულა. ადაპტაციაც გამიჭირდა, ტრავმის შემდეგ კი არაერთი მცირე დაზიანება მქონდა, რომლებიც მუდმივად ხელს მიშლიდა. ბოლო ორი წელი საკმაოდ რთული გამომივიდა, რადგან ერთი პრობლემის შემდეგ მეორე ჩნდებოდა და სრულფასოვნად თამაშსა და განვითარებაში ხელს მიშლიდა. ამას გუნდის ხელმძღვანელობასთან გარკვეული უთანხმოებებიც დაემატა. საბოლოოდ, ორი წლის შემდეგ ინგლისში დავბრუნდი.
რაც შეეხება ინგლისურ და ფრანგულ რაგბის, ჩემი აზრით, პრემიერშიფში თამაშის ტემპი უფრო მაღალია. ინგლისში გუნდები შეტევას მეტ ყურადღებას აქცევენ და თამაშიც უფრო დინამიკურია. ტოპ 14-ში კი სტატიკური ფაზები უფრო დიდ როლს თამაშობს, მატჩები უფრო მძიმე და ფიზიკურია, გუნდები კი დაცვით კომპონენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ორივე ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს და მოთამაშისთვის განსხვავებული გამოცდილებაა.
-სანამ მომავალზე საუბარს გავაგრძელებთ, 2023 წელს დავუბრუნდეთ. როგორი იყო შენთვის პირველ მსოფლიო თასზე თამაში? გახსოვს ავსტრალიის წინააღმდეგ მატჩი, რომელშიც ძირითად შემადგენლობაში იყავი?
-2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველაზე მეტად ავსტრალიასთან მატჩი და მისთვის მზადების პერიოდი მახსენდება. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას ყველაფერი სხვა დანარჩენი გვერდზე გვქონდა გადადებული – მეც და ყველა იმ მოთამაშეს, ვინც ამ ტურნირისთვის ემზადებოდა. მთელი ყურადღება ამ მიზნისკენ იყო მიმართული და ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მოსამზადებელ პროცესში.
თუმცა, საბოლოოდ იმხელა იმედგაცრუება მივიღეთ… პირადად მე იმდენად გადაღლილი ვიყავი, რომ ვარჯიშების დროსაც კი ვეღარ ვგრძნობდი იმ მდგომარეობას, რომელშიც უნდა ვყოფილიყავი. ალბათ, ყველაზე მძიმე სწორედ ეს იყო – ამდენ ხანს ემზადები რაღაცისთვის, ამდენ ენერგიასა და შრომას დებ, ელოდები მომენტს, როდესაც შენი შესაძლებლობების პიკში უნდა იყო, მაგრამ საბოლოოდ ხედავ, რომ პიკთან ახლოსაც არ ხარ. თითქოს სრულიად სხვაგან აღმოჩნდი.
ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ ეს იყო – როდესაც ამდენს შრომობ, ამდენ ხანს ემზადები კონკრეტული მიზნისთვის და საბოლოოდ იმ შედეგსა და მდგომარეობას ვერ იღებ, რისთვისაც მთელი ეს პერიოდი იბრძოდი.
-2022 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად კარდიფში უელსის დამარცხებაში მიიღე მონაწილეობა. რა გახსენდება იმ მატჩიდან? განსაკუთრებით კი ბოლო, ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება, რომელმაც ლუკა მატკავას გამარჯვების მომტანი დარტყმის შესრულების შესაძლებლობა მისცა. როგორ ფიქრობ, შეძლებს საქართველო უახლოეს მომავალში მსგავსი შედეგის გამეორებას?
-ეს ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მატჩია საქართველოს რაგბის ისტორიაში. უელსის დამარცხება მათსავე მოედანზე, კარდიფში, “პრინციფალითი სთედიუმზე”-ზე, ნამდვილ სარაგბო გარემოში, 63 585 მაყურებლის წინაშე, განსაკუთრებული მიღწევა იყო. ეს არ იყო უბრალოდ გასვლითი გამარჯვება – ჩვენ მეტოქეს მისსავე მოედანზე, ათიათასობით გულშემატკივრის თვალწინ ვეთამაშებოდით. მანამდე ბევრს ეგონა, რომ ასეთი შედეგის მიღწევა ჩვენთვის თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის გვჯეროდა და მოედანზე სწორედ ამ რწმენით გავედით.
მახსოვს ის ემოცია, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ გვქონდა. ასეთი გამარჯვებები მხოლოდ ანგარიშით არ იზომება. ეს არის განცდა, რომ მთელი გუნდის შრომამ, თავდადებამ და ერთმანეთის რწმენამ შედეგი გამოიღო.
ბოლო წუთები განსაკუთრებით დაძაბული იყო. ასეთ დროს თითოეული ეპიზოდი გადამწყვეტია. ლუკა მატკავამ კი თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა და გამარჯვების მომტანი დარტყმით ეს ისტორიული მატჩი დაასრულა.
ვფიქრობ, ასეთი შედეგის გამეორება ნამდვილად შეგვიძლია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ქართული რაგბის ამბიცია სწორედ ასეთი გამარჯვებები უნდა იყოს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რომელიმე მეტოქე ჩვენთვის მიუწვდომელია. პატივს უნდა ვცემდეთ ყველას, მაგრამ არავის უნდა ვუფრთხოდეთ.
-ივლისში შენმა გუნდმა ერთა თასის სამივე მატჩში გამარჯვებით დაასრულა. როგორ ფიქრობ, გუნდმა კვლავ დაიბრუნა გამარჯვების მუხტი და თავდაჯერება? შეიძლება ითქვას, რომ პიერ-ანრი ბრონკანის ხელმძღვანელობით, ეს შესანიშნავი დასაწყისი იყო?
-ზაფხულში ერთა თასზე სამივე თამაში მოვიგეთ, თუმცა ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომლის ჩვენებაც გვინდოდა. ვიცით, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ. არც ვარჯიშს, არც სურვილს და არც მონდომებას დავაკლებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სათანადო ხარისხის თამაში ვაჩვენოთ.
გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, ასევე ახალი სამწვრთნელო შტაბი და მთავარი მწვრთნელი. ყველაფერს დრო სჭირდება – ეს პროცესია, რომლის განვითარებასაც ჩვენი სურვილისა და მიზნების შესაბამისად შევეცდებით. მთავარია, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, გავიზარდოთ და მსოფლიო ჩემპიონატს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.
-ნოემბერში საქართველოს პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი აქვს. როგორ ფიქრობ, შეძლებთ ერთა თასის ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებას?
– ჩვენი მიზანი ერთა თასის მოგებაა!
-როგორ აფასებ ერთა თასს? შენი აზრით, რამდენად კარგი ტურნირია? და განა ამ ტურნირის მოგება მომავალი წლის მსოფლიო თასის წინ გუნდისთვის უდიდესი სტიმული არ იქნება?
– ერთა თასზე თამაში მსიამოვნებს, რადგან ყველა ქვეყნის ნაკრებსა და თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემ. თუმცა, მეორეს მხრივ, გვაკლია შესაძლებლობა, ვითამაშოთ ტიერ 1-ის დონის გუნდებთან.
-ახლა ცოტა არასერიოზული კითხვა: რამდენად რთულია ასეთი იდეალური ულვაშის შენარჩუნება? ყოველთვის გქონდა თუ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყე მასზე განსაკუთრებული ზრუნვა?
– ულვაში ჩემი განუყოფელი ნაწილი არ არის. როცა ერთფეროვნება მომბეზრდება, ვცდილობ, გარეგნობაში რაღაც შევცვალო და, როგორც წესი, ეს ულვაშის გაზრდაა ხოლმე.
-რაგბისა თამაშის გარდა, რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს? გაქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ან რაიმე სხვა საქმიანობითაც ხარ დაკავებული?
– რაგბის მიღმა, თავისუფალ დროს, პირველ რიგში, ოჯახთან ერთად დროის გატარება მიყვარს. ასევე ძალიან მიყვარს მთაში სიარული – ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება. მიყვარს თხილამურებით სრიალიც, თუმცა ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და პროფესიონალი სპორტსმენისთვის, განსაკუთრებით კი რაგბის პარალელურად, ცოტა რთულია.
-რომელი იყო შენი საყვარელი მატჩი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში?
– იტალიასთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო, რადგან ჩემი სადებიუტო მატჩი იყო. ვითამაშეთ ბათუმში, ქართველი გულშემატკივრის წინაშე და დავამარცხეთ ტიერ 1-ის გუნდი. ეს გამარჯვება ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და ემოციური იყო – ერთის მხრივ, ნაკრებში პირველი თამაში მქონდა, მეორეს მხრივ კი, საკუთარ ქვეყანაში, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, ასეთი დონის გუნდთან გამარჯვება მოვიპოვეთ.
-რა მიზნები გაქვს სამომავლოდ? როგორი მემკვიდრეობის დატოვება გსურს მომავალი თაობებისთვის?
– ჩემი მთავარი მიზანი ჯანმრთელად ყოფნა, მაღალი დონის რაგბის თამაში და მუდმივი განვითარებაა. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო უმაღლეს დონეზე, როგორც კლუბში, ისე საქართველოს ნაკრებში.
ბორჯღალოსნებთან ერთად ბევრი მიზანი გვაქვს. გვინდა, დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან კონკურენცია. გვინდა, მსოფლიო თასზე წარმატებას მივაღწიოთ და ჩვენი ქვეყნის სახელი კიდევ უფრო მაღლა ავწიოთ.
რაც შეეხება მემკვიდრეობას, მინდა, მომავალმა თაობამ დაინახოს, რომ მიზნის მიღწევა შრომითა და თავდადებით შესაძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან და როდის იწყებ – მთავარია, რამდენად გჯერა საკუთარი თავის და რამდენად მზად ხარ ყოველდღიური მუშაობისთვის.
მინდა, როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩემზე თქვან, რომ ვიყავი მორაგბე, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, არასდროს ზოგავდა თავს და საქართველოს ნაკრების მაისურს ყოველთვის პატივისცემით ატარებდა.
თუ ჩემი მაგალითი ერთ ახალგაზრდა ქართველ ბიჭს მაინც მისცემს მოტივაციას, რომ რაგბზე მივიდეს და საკუთარი ქვეყნის სახელით ითამაშოს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება.
-ერთი სიტყვით დაახასიათე ბორჯღალოსნები!
-ერთგულება! იმიტომ, რომ ეს გუნდი ერთმანეთის ერთგულებაზე დგას. ჩვენ შეიძლება განსხვავებული კლუბებიდან მოვდიოდეთ, სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობდეთ, მაგრამ როდესაც საქართველოს მაისურს ვიცვამთ, ერთი მიზანი გვაქვს – ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა.
-რას ნიშნავს შენთვის რაგბი?
-რაგბამდე ძიუდოთი ვიყავი დაკავებული და, ვფიქრობ, არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა. თუმცა, რაც შრომა და ენერგია სხვადასხვა სპორტში მქონდა ჩადებული, ეს ყველაფერი რაგბმა ერთიანად დამიბრუნა. ყველაზე მეტად სწორედ რაგბის მადლიერი ვარ და მასზე გადასვლა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მართალია, ცოტა გვიან დავიწყე, მაგრამ, როგორც საქართველოში ხშირად ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
რაგბი ჩემთვის ცხოვრებაა. ეს არის სპორტი, რომელმაც მასწავლა შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და ის, რომ არასდროს უნდა დანებდე. მასწავლა, რომ მარტო ვერაფერს მიაღწევ და ყველაზე რთულ მომენტებში სწორედ გუნდური ერთიანობა გეხმარება.
რაგბიმ მომცა შესაძლებლობა, მემოგზაურა, მეთამაშა სხვადასხვა ქვეყანაში, გამეცნო ბევრი საინტერესო ადამიანი და ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმომედგინა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ რაგბის წყალობით საქართველოს სახელით შემიძლია მოედანზე გასვლა. ეს გრძნობა არაფრით იცვლება.
როდესაც საქართველოს ჰიმნი ჟღერს და იცი, რომ რამდენიმე წუთში შენი ქვეყნის სახელით უნდა იბრძოლო, ხვდები, რატომ აკეთებ ამ ყველაფერს. ჩემთვის ეს უდიდესი პატივია და მინდა, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება, ბოლომდე დავიხარჯო როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ისე იმ სპორტისთვის, რომელმაც ამდენი რამ მომცა.
rugby.ge