კსუ-მ სტუმრად “დუბრავკასთან” წააგო

0
1

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის ღირსეული დებიუტი ევროპის ჩრდილოეთ საკალათბურთო ლიგაში. მიუხედავად მარცხისა, კსუ-კავკასიამ ხორვატიაში, ადგილობრივ დუბრავასთან დამაჯერებლად ითამაშა, მატჩის საწყისი 35 წუთის განმავლობაში ლიდერობდა და ბოლო წუთებზე, დაძაბულ ბრძოლაში – 82:87 დამარცხდა.
შეხვედრა „კავკასიას“ უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი მათ 26:18 მოიგეს. მეორე პერიოდში „დუბრავამ“ უკეთ ითამაშა (28:20), რის გამოც დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა — 46:46. მესამე მეოთხედის შემდეგ „კავკასია“ კვლავ დაწინაურდა (64:59), თუმცა „დუბრავამ“ ბოლო წუთებში თამაშის შემოტრიალება შეძლო და საბოლოოდ 5 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში ყველაზე შედეგიანი ტომი ლუისი  გახლდათ, რომელმაც 24 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა; მას 14 ქულითა და 6 მოხსნით აკაკი დვალიშვილი მოჰყვა; გიორგი ტურძილაძემ შეხვედრა 13 ქულით, 9 მოხსნითა და 5 დაკარგვით დაასრულა; სტეფან რაიტმა გუნდს 11 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა, ხოლო ხუთეული ლუკა მაზიაშვილმა შეავსო, რომელმაც 8 ქულა, 8 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. ხორვატიულ გუნდში კი საუკეთესო მოთამაშე პაიც პავაო გახდა, რომელმაც 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
4 ოქტომბერს „კავკასია“ სუპერლიგაში „ბლექ ფორტრესს“ უმასპინძლებს, რის შემდეგაც ევროპის ჩრდილოეთის ლიგაში სტუმრად ლიეტუვურ „იონავას“ დაუპირისპირდება.