‘შავი ლომი’ 24 სექტემბერს 20 საათზე, “ავჭალაზე” სამხრეთ აფრიკის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’ თბილისის თასის პირველ შეხვედრას გამართავს, 29 სექტემბერს და 4 ოქტომბერს კი, შესაბამისად ‘აირლინკ პუმასსა’ და ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშება.
‘გრიქასთან’ მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდმა კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც კაპიტანმა ლაშა ციხისთავმა და ფიზ. მომზადების მთავარმა მწვრთნელმა დავით ნემსაძემ, მოლოდინებზე ისაუბრეს.
ლაშა ციხისთავი: „სამი თამაში გვაქვს სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან. სამივეს განსხვავებული თამაშის სტილი აქვს, თუმცა სამივე თამაშობს სამხრეთ აფრიკულ რაგბის – მასიური გუნდები არიან და უყვართ აგრესიული თამაში. ეს შეხვედრები დაგვეხმარება, რომ გუნდი მაქსიმალურად შეიკრას და შეთამაშდეს ჩელენჯ თასზე ‘ოსფრიზთან’ შეხვედრამდე“.
დავით ნემსაძე: „პირველად არის საქართველოში ჩამოსული ამდენი სამხრეთ აფრიკული გუნდი, რომლებსაც ევროპული ფრენჩაიზები შეხვდებიან და ძალიან საინტერესო ტურნირი გველოდება. ეს ჩელენჯ თასისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპია, პროცესი გრძელდება და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.
შეგახსენებთ, წლევანდელი ჩელენჯ თასის პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება და ‘შავი ლომი’ უელსურ ‘ოსფრიზს’ თბილისში დაუხვდება.
rugby.ge





