კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრა წყალტუბოში შედგა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით მოიგო.
მატჩის მე-12 წუთზე ლაშა შერგელაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ბურთი ცოცხალ „კედელში“ მდგომ დინამოელ გიორგი ხარაიშვილს ხელზე მოხვდა და არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დანიშნა. ლევან გეგეჭკორმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.
29-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან კვიპროსელმა ფსალტისმა პასი „სამგურალის“ საჯარიმოში გააკეთა და ჰალიდ დოლტმუტზიევმა ბურთი გაატარა, ხოლო დო კოუტუმ ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
37-ე წუთზე წყალტუბოელთა საჯარიმოში მყოფმა ნიკა ნინუამ თავით ბურთი დოლტმურზიევს გადააწოდა, რომელმაც შეტევა გოლით დაასრულა – 1:2. 42-ე წუთზე შეტევაში მარჯვნიდან ჩართულმა ლევან გეგეჭკორმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან „გაისროლა“ და ბრაზილიელ ლუკას ფლორესს ახლო კუთხეში გაუტანა.
მეორე ტაიმის შუაწელში ბრაზილიელი ჟან კარლოსის დარტყმის შემდეგ, ბურთი თბილისელთა კარის ზედა ძელს მოხვდა. 74-ე წუთზე განელმა ბარნს ოსეიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და რუსმა მეკარე არსენ სიუკაევმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, ხოლო ნინუამ დამატებაზე გაიტანა – 2:3.
შეხვედრის ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში „სამგურალმა“ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ჩასული სიუკაევის თავურის მერე, „დინამო“ ფლორესმა გადაარჩინა.
თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ ზედიზედ სამი თამაში მოიგო და 45 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. გიორგი ონიანის თავკაცობით „სამგურალმა“ 32 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





