„დინამომ“ „დილას“ მინიმალურად აჯობა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-11 წუთზე ბრაზილიელი ლეანდრუ სანტოსის დარტყმული ბურთი „დილას“ მცველმა მოიგერია, ხოლო „დინამოს“ კაპიტანმა ნიკა ნინუამ დაახლოებით 18 მეტრიდან შეუჩერებლად „გაისროლა“ და ანგარიში გახსნა – 1:0.
21-ე წუთზე მათე ვაწაძის კარგი პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა სანტოსმა ბურთი კარს გადააცილა.
მეორე ტაიმის დაწყებოდან ცოტა ხანში დო კოუტუ მეტოქის ნახევარზე ერთ მეურვეს გაცდა და პასი გორელთა საჯარიმოს თითქმის ხაზთან მდგომ ნინუას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით არაზუსტად დაარტყა. 59-ე წუთზე ბრაზილიელი კარვალიუ ერთ გორელ ფეხბურთელს გაექცა და მარცხნიდან გადაცემა საჯარიმოში გახსნილ დო კოუტუს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:0.
69-ე წუთზე ოთარ ფარულავა დინამოელთა საჯარიმოს მისადგომებთან ორ მეტოქეს გაექცა და პასი განელ ბლანქსონ ანოფს მისცა, რომელმაც „ცაციათი“ დაახლოებით 20 მეტრიდან „ცხრიანში“ შეაგდო – 2:1. მე-80 წუთზე გვინეელი მოჰამედ კანტეს თავურის მერე, ბურთი თბილისელთა კარის ზედა ძელს მოხვდა.
87-ე წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში მყოფმა ზურაბ მუსელიანმა ახლო მანძილიდან დაარტყა და კარის ხაზიდან ბურთი კვიპროსელმა მცველმა ფსალტისმა გამოიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში „დილამ“ კუთხური ჩააწოდა და შორეულ ძელთან მდგომმა თედო კიკაბიძემ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“ 37 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო დიამადის ვავალისის ხელმძღვანელობით „დილამ“ 30 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
დინამო თბ 2:1 დილა 
ლაშა თაბაგარი