ჩიქოვანის პირველი გოლი „უოტფორდის“ მაისურით

0
3

ნიკოლოზ ჩიქოვანმა ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „უოტფორდის“ პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „უოტფორდმა“ ამხანაგური თამაში გერმანიის როსტოკის „ჰანზასთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. ჩიქოვანი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. მან მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „უოტფორდის“ ფეხბურთელის დარტყმის მერე, მეკარემ მოიგერია ბურთი, რომელიც ჩიქოვანმა საჯარიმოში დაამუშავა, ერთ მცველს გაცდა და კარის ბადეში გაახვია.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 19 წლის ფორვარდი „უოტფორდმა“ შარშან სექტემბერში შეიძინა და ბელგიის „შარლერუაში“ გაანათხოვრა, სადაც ერთხელ ითამაშა. იჯარის ამოწურვის შემდეგ, ჩიქოვანმა „უოტფორდის“ 21-წლამდელთა გუნდში 2-ჯერ ითამაშა და 2 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი