იტალიამ გვაჯობა, მე-11 ადგილისთვის ფიჯის ვეთამაშებით

0
1

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიასთან ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარეს და მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილის ნახევარფინალში, ჯამში 19:43 დამარცხდნენ.
ქუთაისის „აია არენაზე“, პირველ ტაიმში ბოჭვების თითქმის ნახევარი გაგვიცუდდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა და 25 წუთში ექვსი მარტივი ლელო გაიტანა, რასაც ხუთი ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამ პერიოდში საქართველოს ერთადერთი შედეგიანი შეტევა ქონდა. სამ გაშვებულ ლელოს მე-13 წუთზე ვუპასუხეთ, როდესაც მოლის შემდეგ დავით ბარბაქაძემ მაგრად შეუტია და მის შეჩერებას სამი მბოჭავი დაჭირდა, რაქიდან ბურთი თემურ ძოძუაშვილმა აიტაცა და ძელებსშუა დაამიწა, ნიკოლოზ ხალვაშმა კი გარდასახვით ჩამორჩენა 12 ქულამდე დაიყვანა.
ამას მეტოქის კიდევ სამი ლელო მოყვა, რასაც 36-ე წუთზე ვუპასუხეთ. 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ვერ დავძარით, მაგრამ ბურთი გავიტანეთ და მეორე მიძალებაზე გაბრიელ რაზმაძემ მიზანს უწია, ხალვაშმა კი გარდასახა. ზედ შესვენების წინ სტუმრებმა ჯარიმით 3 ქულა აიღეს და ტაიმი 43:14 მოიგეს.
მეორე ტაიმში იტალიამ ქულა ვეღარ აიღო. უმცროს ბორჯღალოსნებს საწყის წუთებში ლელოს გატანის სამი კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ იხეირეს. ტაიმის ერთადერთი შედეგიანი შეტევა 63-ე წუთზე განვახორციელეთ, როდესაც ლუკა ტაბატაძემ მეტოქის 22-ში მცველებს თავგზა აუბნია და 5-მეტრიანში შევიდა, იქიდან გამოსული ბურთით კი გიორგი აღნიაშვილმა შეუტია და ლელო გაიტანა – 19:43.
მე-9 ადგილის მეორე ნახევარფინალში ფიჯიმ ირლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ 19:24 დამარცხდა.
შეხვედრა უაღრესად დაძაბული აღმოჩნდა. დანიელ რაიანის ლელოს და დანიელ გრინის გარდასახვას, ფიჯიმ ორ წუთში ისიკელი რატუს ლელოთი და ტევიტა ლედუას გარდასახვით უპასუხა. ირლანდიამ ტაიმის შუაშიც მოახერხა გარდასახული ლელოს გატანა, რაზეც ფიჯიმ 35-ე წუთზე საილოსე ტაკას ლელოთი უპასუხა, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა და ტაიმი 12:14 დათმო.
ჯო ფინის სინბინის გამო, მეორე ტაიმი ევროპელებმა კაცნაკლულებმა დაიწყეს, თუმცა დებიუტშივე მოახერხეს ლელოს გატანა. 5 ქულა ჯეიმს ო’ლეარიმ მიითვალა და გრინი გარდასახვიდან კვლავ უშეცდომო იყო. ირლანდია თამაშს აკონტროლებდა და ორჯერ მოიპოვა 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა. პირიქით, კაცნაკლულმა ფიჯიმ 72-ე წუთზე აპეტე როკოსუკას ლელოთი და ზუსტი გარდასახვით სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა.
ირლანდიამ აღარ გარისკა და 79-ე წუთზე გრინმა ჯარიმიდან ბურთი კარში გადაგზავნა, თუმცა მატჩის განახლების შემდეგ ფიჯიმ შეძლო ბურთის მოპოვება და ახლა კაცნაკლული ირლანდია დარჩა. წყნარი ოკეანის წარმომადგენლებს გამარჯვების რეალური შანსი გაუჩნდათ, მაგრამ მეტოქის 5-მეტრიანში დერეფანში ბურთი ვერ ააგდეს და ირლანდიამ 24:19 გაიმარჯვა.
შედეგად, ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 18 ივლისს, ქუთაისის “აია არენაზე” საქართველო ფიჯის 18 საათზე მე-11 ადგილისთვის ეთამაშება, 20:30 საათზე კი იქვე იტალია ირლანდიას მე-9 პოზიციისთვის შეერკინება.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

მე-9 ადგილის ნახევარფინალი

13 ივლისი. 18:00 საათი. ქუთაისი. “აია არენა”.

საქართველო – იტალია 19:43 (14:43)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. დავით არჩვაძე, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. დავით ბარამია, 6. ირაკლი ყოლბაია, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. ლუკა იასეშვილი, 18. საბა ნოზაძე, 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 20. გიორგი არძენაძე, 21. გიორგი ზაზაძე; 22. გიორგი ხონელიძე, 23. დემეტრე დევდარიანი.

ირლანდია – ფიჯი 24:19
rugby.ge