ალთუნაშვილი ბათუმის “დინამოში” დაბრუნდა

0
2

სანდრო ალთუნაშვილი ისევ ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ალთუნაშვილი, ჩვენს გუნდში დაბრუნდა. ფეხბურთელი კლუბს ისრაელის ჰაიფას ჰაპოელიდან შემოუერთდა და კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„საკუთარ სახლში დავბრუნდი და მოუთმენლად ველი, როდის ვითამაშებ კვლავ სავსე არენაზე. „დინამო ბათუმი“ და აქაური გულშემატკივარი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული და საყვარელი იყო. უცხოეთში მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო გამაძლიერა და ახლა ორმაგი მოტივაციით ვბრუნდები ნაცნობ გარემოში. ჩვენი მიზნები უცვლელია – მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ეს ერთგული ქომაგები ლამაზი თამაშითა და გამარჯვებებით გავახარო”
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, იგი თბილისის იბერია 1999-ის (ყოფ. საბურთალო) აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2014 წელს შედგა და თბილისური კლუბის მაისურით 143 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ალთუნაშვილი დინამო ბათუმის ღირსებას აქამდეც იცავდა – იგი ლურჯ-თეთრების მაისურით 2021-2023 წლებში ასპარეზობდა და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენს კლუბთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქართული კლუბების გარდა, სანდრომ საზღვარგარეთაც მოასწრო თამაში და ავსტრიული ვოლფსბერგერისა და ისრაელის ჰაიფას ჰაპოელის ღირსებას იცავდა.
განსაკუთრებით გამორჩეულია მისი სანაკრებო კარიერაც. საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში ასპარეზობის გარდა, მას ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის სანაკრებო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2024 წლის ისტორიული ევროპის ჩემპიონატია, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და სანდროც ამ უდიდესი წარმატების უშუალო მონაწილე გახლდათ.
ლაშა თაბაგარი