პოჩეტინო: „მოთამაშეებმა ეს შედეგი დაიმსახურეს“

0
0

აშშ-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ბოსნიასთან 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ეს შედეგი დაიმსახურეს.
„ძალიან ამაყი ვარ. მოთამაშეებმა ეს შედეგი დაიმსახურეს. ის თუ როგორ ვიბრძოლეთ ძალიან კარგ და ძლიერ გუნდთან შთამბეჭდავია. ჩემი ყველა ფეხბურთელით და ნაკრების პერსონალით ამაყი ვარ. გულშემატკივრებმა მხარი ძალიან მაგრად დაგვიჭირეს. ეს არაჩვეულებრივი განცდა იყო. ტიტულისთვის ბრძოლა? რატომაც არა.
ჩემი აზრით ბალოგუნი წითელ ბარათს არ იმსახურებდა. მას მეტოქისთვის ფეხზე განძრახ არ დაუბიჯებია. ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს შორის ჩვეულებრივი ორთაბრძოლა იყო ბურთისთვის და მათი ფეხები გაზონზე ეშვება, ასე არაა?“ – იუწყება არგენტინელის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 45-ე წუთზე ანგარიში ბალოგუნმა გახსნა, რომელიც 64-ე წუთზე უხეშობისთვის გააძევეს. ამერიკელებიდან მეორე გოლი 82-ე წუთზე ტილმანმა გაიტანა. აშშ ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მეოთხედ გავიდა. პოჩეტინოს გაწვრთნილები 1/8-ფინალში ბელგიას შეხვდებიან. მატჩი 7 ივლისს თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი