ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის მე-3 ტურში შოტლანდიასთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ კიდევ მოსამატებელი აქვთ.
„ახლა როგორც გუნდი ვთამაშობთ, რაც ჩვენი მიზანია. იდეალურები არ ვართ და რაღაცეები უნდა გავაუმჯობესოთ. ბურთის კონტროლის დროს უფრო სწრაფად მოქმედება შეგვიძლია.
მიხარია, რომ გუნდის თამაში შესამჩნევად გაუმჯობესდა. ახლა კერკეტი გუნდი ვართ, რაც პლეი-ოფში მნიშვნელოვანია. პირველ თამაშთან შედარებით ნაკლები შეცდომა დავუშვით, უფრო მეტი რიტმი გვქონდა და შეტევაშიც გაცილებით ეფექტური ვიყავით“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის მე-7 წუთზე რაიანმა შოტლანდიელთა საჯარიმოში ბურთი მაკენას აართვა და პასი ვინისიუს ჟუნიორს გაუკეთა, რომელმაც მეკარის მოტყუების მერე, ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე ვინისიუსმა თავით დუბლი შეასრულა. მან გოლი ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა და ზედიზედ სამჯერ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მე-60 წუთზე ბრაზილიიდან თავი მატეუშ კუნიამ გამოიჩინა, რომლის ნაცვლა 76-ე წუთზე თამაშში ნეიმარი ჩაერთო. შეხვედრის შემდეგ ნეიმარი, რომელმაც ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა ატირდა.
ბრაზილიამ 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა. გარდა ამისა, „სელესაო“ მუნდიალების ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც 50 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში მაროკომ ჰაიტი 4:2 დაამარცხა და 7 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა – ბრაზილის გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩა. მაროკოელებიდან ერთი გოლი საიბარმა გაიტანა, რომელიც თავისი ქვეყნის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალზე თავი სამივე შეხვედრაში გამოიჩინა. ამასთანავე, ის პირველი აფრიკელი მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი აიღო. მაროკოელები პლეი-ოფში მიჯრით მეორედ ითამაშებენ.
შოტლანდია 3 ქულით ჯგუფში მესამეა, ხოლო ჰაიტი ქულის გარეშე ბოლო ადგილზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი




