არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის J ჯგუფის მეორე შეხვედრაში ავსტრიასთან 2:0 მოგებისა და 1/16-ფინალში გასვლის შემდეგ, ლიონელ მესის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
„იმ დროს, როდესაც ჩვენ გუნდისთვის იოლი პერიოდი არ იყო, ლეო მაინც აგრძელებდა მეტოქისთვის ბურთის ართმევას, მაქსიმალურად იხარჯებოდა, მეტოქის ნახევარზე ბურთს ფლობდა, კარგად ჩანდა საბრძოლველად დამუხტული რამდენად იყო.
ფეხბურთელის ასეთ თავდადებას იშვიათად ნახავ. მაგრამ ლეო თავს ყოველთვის ასე წარმოაჩენს, რაც უბრალოდ საოცარია და ჩვენ ძალიან გვიხარია. გულწრფელად გეტყვით, რომ არც კი ვიცი მეტი მესიზე რა ვთქვა“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინული მედია.
მატჩის მე-9 წუთზე მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალების ისტორიაში 3 თერთმეტმეტრიანი „გააფუჭა“.
38-ე წუთზე არგენტინელთა კარგი კომბინაცია მეტოქის საჯარიმოში მყოფმა მესიმ ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ლეომ დუბლი შეასრულა. მესიმ თავის ანაგრიშზე 18 გოლი ჩაიწერა და გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16) რეკორდი მოხსნა.
მან კარიერაში სანაკრებო და საკლუბო დონეზე ჩატარებულ 1158 მატჩში 916 გოლი გაიტანა და 414 საგოლე პასი გააკეთა. 38 წლის მესიმ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 201 შეხვედრაში 122 გოლი მიითვალა.
მესიმ ჯგუფის პირველ მატჩში ალჟირთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ 6 შეხვედრაში გამოიჩინა თავი, რაც მანამდე ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა და ბრაზილიელმა ჟაირზინიომ მოახერხეს. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 35 წლის ასაკს გადაცილებულმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 გოლი შეაგდო. გარდა ამისა, ის ერთადერთი, რომელიც მუნდიალების პლეი-ოფეში 6-ჯერ გავიდა.





