ვინჩენცო მონტელა: „ძალიან იმედგაცრუებული ვარ“

0
3

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე მატჩში პარაგვაისთან 0:1 წაგებითა და ტურნირიდან გავარდნით ძალიან იმედგაცრუებულია. შეგახსენებთ, რომ თურქები პირველ შეხვედრაში ავსტრალიასთან 0:2 დამარცხდნენ.
„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ქვეყანას დიდი მოლოდინი ჰქონდა. ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვქონდა. ასევე თურქეთის ფეხბურთის ფედერაციაც მეცოდება. ვიცი ჩემი ფეხბურთელები რამდენად გულმოდგინედ მუშაობდნენ. ჩვეულებისამებრ ასეთი რამ 50 მატჩში ერთხელ ხდება. ორი შეხვედრის განმავლობაში კარში 65-ჯერ დავარტყით. ბურთის ფლობაზე საუბარი არც მსურს, იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო. მოთამაშეებს ვუთხარი: „თქვენ ყველაფერი გაიღეთ. როგორც ამბობენ იღბალს ვერ გაექცევი“.
არ ვამბობ, რომ ამ თუ იმ მოთამაშეს უფრო მეტის გაკეთება ან უკეთესად თამაში შეეძლო. ყოველთვის ფეხბურთელის ამბიციას ვუყურებ. ისინი თავდაუზოგავად იბრძოდნენ. მათ დაუჯერებელი ამბიცია ჰქონდათ.
დიდ ტურნირებზე თამაშის თვისების გამომუშავება საჭიროა. მსოფლიო ჩემპიონატზე მუდმივად უნდა ვმონაწილეობდეთ.
ერთი ადამიანის გამორჩევა და კრიტიკა ადვილია. ვინმეს დადანაშაულების აუცილებლობაა არაა, ვინაიდან რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
განვლილ მატჩში პარაგვაიდან ერთადერთი გოლი გალარსამ გაიტანა. შეხვედრის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე თურქი და პარაგვაელი ფეხბურთელები წაკინკლავდნენ. ამ დროს 32 წლის პარაგვაელმა ნახევარმცველმა ალმირონმა პირზე ხელი აიფარა და თურქ მცველს მერ მიულდერს რაღაც უთხრა. ამ უკანასკნელმა შეხვედრის მთავარ არბიტრ სალვადორელ ივან ბარტონს მიმართა, რომელმაც ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ალმირონი გააძევა. ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ფეხბურთელს წითელი ბარათი პირზე ხელაფარებული საუბრისთვის მისცეს. ეს ახალი წესია, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე დაინერგა.
ლაშა თაბაგარი