გორის „დილამ“, რომლის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სოღოლაშვილი ასრულებს, ხუთმატჩიანი მოუეგებელი სერია შეწყვიტა. კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გორელებმა თბილისის „სპაერი“ მიიღეს და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის მე-14 წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულ გვინეელ მოჰამედ კანტეს სამხრეთ აფრიკელმა მატენჯვამ ბურთი აართვა და პასს თაანგუნდელს უკეთებდა, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე ლაშა მენთეშაშვილი გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
44-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძე „დილას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და გადაცემა თემურ ცალუღელაშვილს გაუკეთა, რომელმაც მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით შეაგდო – 1:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კანტემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ბუხუტი ფუტკარაძემ ბურთი მოიგერია.
65-ე წუთზე შოთა შეყილაძემ სტუმართა საჯარიმოში განელი ბოანსი მოძებნა, რომელიც ბურთზე „დატრიალდა“ და ქუსლით პასი გამოუვიდა მენთეშაშვილზე, რომელმაც დუბლი შეასრულა – 2:1. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი ექვსჯერ აიღო.
ანგარიშის გაზრდიდან ცოტა ხანში, შეყილაძემ „სპაერის“ საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 82-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა გიორგი ფონიავამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ნიგერიელმა ოლატუნჯიმ თავით გაიტანა – 3:1. მატჩის მიწურულს მენთეშაშვილმა კარგი პასი გაუკეთა „სპაერის“ საჯარიმოში გახსნილ მენთეშაშვილს, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და ბურთი კარს აცდა.
„დილა“ 23 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი „სპაერი“ 21 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი





