“შავი ლომი” ქარი ქაფის ჩემპიონთან დამარცხდა

0
1

ქარი ქაფის მოქმედი ჩემპიონი ‘სუზუკი გრიქასი’, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, ‘შავი ლომის’ შეცვლილ შემადგენლობასთან სრულად დომინირებდა და 56:21 გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, რომლის მიზანიც ამ ტურნირზე მოთამაშეთა საქმეში ნახვაა, ‘აირლინკ პუმასთან’ გამარჯვებული (46:36) შემადგენლობიდან სასტარტოში 12 მორაგბე შეცვალა. შედეგად, ‘შავ ლომს’ შეთამაშების მხრივ პრობლემები შეექმნა, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობა მოიპოვეს.
მატჩის დებიუტში ‘გრიქასმა’ ცენტრში ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. მე-14 წუთზე მეტოქემ შერკინებაში დაგვაჯარიმა, რასაც 5-მეტრიანთან ჯარიმის ორიგინალური გათამაშება და მესამე ლელო მოყვა, 34-ე წუთზე კი აფრიკელებმა მეოთხე, ძალისმიერი ლელო მიითვალეს. ‘შავ ლომს’ ტაიმის მიწურულს შეეძლო ლელოს გატანა, მერლს პიტერსის ჭკვიანური გადაკიდების შემდეგ, ამირან შვანგირაძეს და სანდრო თოდუას კარგი წინსვლა ჰქონდათ, აფრიკელები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ, მაგრამ ბურთის გათამაშების შემდეგ, მას ვეღარ გავუფრთხილდით – 0:28.
მეორე ტაიმის დასაწყისში დაშვებულ შეცდომას კიდევ ერთი გაშვებული ლელო მოყვა, რაზეც 50-ე წუთზე ძალისმიერი შეტევით ვუპასუხეთ, თუმცა მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა, რომლის გათამაშების შემდეგ გიორგი სინაურიძემ ლელო მაინც შეიტანა, პიტერსმა კი გარდასახა.
გაშვებულ ლელოზე ‘გრიქასმა’ ლელოთი მალე გვიპასუხა, 59-ე წუთზე კი მეორე ძალისმიერი ლელო გავიტანეთ. რამდენიმე ფაზის შემდეგ, კარგად ითამაშა გუგა ღანიაშვილმა, რომლის 5 ქულას ლუკა ცირეკიძის გარდასახვა მოყვა. ამ ეპიზოდში მეტოქის მორაგბე მაღალი და სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათითაც დაისაჯა, მაგრამ 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი ჩვენც მივიღეთ და თამაში 14-14-ზე გაგრძელდა.
დასკვნით წუთებში ქარი ქაფის ჩემპიონმა კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა, სულ ბოლოს კი შალვა აფციაურმა ბოჭვის შემდეგ ბურთი სწრაფად გაათავისუფლა, ის თავად აიტაცა და ‘შავი ლომის’ მესამე ლელო მიითვალა – 21:56.
‘შავი ლომი’ „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში მორიგ შეხვედრას 14 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე ‘ტოიოტა ჩიტასის’ წინააღმდეგ გამართავს.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”. 10 ივნისი

შავი ლომი – სუზუკი გრიქასი 21:56 (0:28)

შავი ლომი

ხაზი: 15. სანდრო თოდუა, 14. შალვა აფციაური, 13. ბაჩანა მონიავა, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გუგა ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. ბაჩუკი ბარათაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

3 ლელო: სინაურიძე, ღანიაშვილი, აფციაური

3 გარდასახვა: პიტერსი, ცირეკიძე (2)

5 ივნისი

შავი ლომი – აირლინკ პუმასი 46:36

სუზუკი გრიქასი – რუმინეთი ა 35:20

ტოიოტა ჩიტასი – ლუზიტანუში 54:24

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი – შავი ლომი 56:21

აირლინკ პუმასი – ლუზიტანუში (17:30)

ტოიოტა ჩიტასი – რუმინეთი ა (20:00)

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი – ლუზიტანუში (14:00)

აირლინკ პუმასი – რუმინეთი ა (16:00)

ტოიოტა ჩიტასი – შავი ლომი (18:30)
rugby.ge