19-წლამდელებმა შესარჩევი ფრით დაიწყეს – ხიზანიშვილის ოფიციალური დებიუტი

0
1

ზურაბ ხიზანიშვილის ოფიციალური დებიუტი 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B ლიგის პირველ რაუნდში მონტენეგროსთან დაპირისპირებაში შედგა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული მატჩის 22-ე წუთზე ანდრია ბართიშვილი თავის საჯარიმოში ოდნავ შეეხო მონტენეგროელთა კაპიტან იოვანივიჩს და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. რაჟნატოვოვიჩის შესრულებული პენალტი ფეხით დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია.
55-ე წუთზე ანდრია ბართიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ფინტებით ჯერ ერთ მცველს აუარა გვერდი, შემდეგ მეორეს, რომელმაც წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბართიშვილმა პენალტი თავად შეასრულა და „პანენკათი“ ანგარიში გახსნა – 1:0.
58-ე წუთზე პერიშიჩმა მარჯვენა ფლანგიდან საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ჩააწოდა და ვუკოიეს თავურის შემდეგ, მეკარე დაჩი ჩოჩოშვილმა ხელებში ვერ შეიმაგრა ბურთი, რომელიც საბოლოდ კარის ბადეში აღმოჩნდა – 1:1.
89-ე წუთზე მონტენეგროს საჯარიმოში მყოფ ნებულიშვილს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესული ფორვარდის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
საქართველოს მე-7 ჯგუფში მომდევნო მატჩს 9 ივნისს ისლანდიასთან ჩაატარებს. ისლანდიელები 6 ივნისს მონტენეგროსთან ითამაშებენ.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი მე-2 რუნდში A ლიგაში იასპარეზებს.
ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
მონტენეგრო – საქართველო 1:1 (0:0)
3 ივნისი. თბილისი. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი.
საქართველო
: ჩოჩოშვილი, ლომიძე (კ), კუპრავა, ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (კაკაშვილი, 60), ციკოლია, შალიკიანი, ნიჟარაძე, მარსაგიშვილი, ბართაშვილი (ნებულიშვილი, 64), ჩხეტიანი, მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.
გოლები: 1:0 ბართიშვილი (56, პენ.), 1:1 ვუკოიე (58).
22-ე წუთზე რაჟნატოვიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.
გაფრთხილება: მარამი (23), რაჟნატოვიჩი (52), ლესიაკი (56), ჩოჩოშვილი (58).
ლაშა თაბაგარი