სიომინი: „ხვიჩა ვინისიუსზე უფრო მაგარია“

0
4

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს, პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელ ვარსკვლავ ვინისიუს ჟუნიორზე უფრო ძლიერ ფეხბურთელად მიაჩნია.
„ხვიჩა ვიზუალურადაც შეიცვალა. მოსკოვის „ლოკომოტივში“ ის სიმაღლით 175 სანტიმეტრი იყო და 67-68 კილოგრამს იწონიდა. ამჟამად, იგი 182 სანტიმეტრია სიმაღლით და 75 კილოგრამია – ათლეტია. 18 წლის ხვიჩა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ ბურთით საუცხოოდ მუშაობდა. მისი მთავარი კოზირები სისწრაფე და დრიბლინგია. როდესაც ფეხბურთელს ეს თვისებები აქვს, გუნდში დაუფიქრებლად უნდა აიყვანო.
„რუბინში“ მას დაცვაში უფრო მეტად მუშაობას თხოვდნენ. შეხედეთ ახლა როგორ მუშაობს. ყველგან ასწრებს – თავდასხმაშიც და დაცვაშის, რადგან ფიზიკურად საუცხოოდაა მომზადებული. ამჟამად, ხვიჩა მარცხენა ფლანგზე მსოფლიოში საუკეთესოა. ის ვინისიუსზე უფრო მაგარია. ბრაზილიელს დაცვაში ვერ ჩამოიყვან, ხოლო ხვიჩასთვის ეს კანონია. მან „ნაპოლიში“ სპალეტის ხელში მოუმატა, ხოლო ლუის ენრიკესთან პსჟ-ში უფრო ძლიერი გახდა.
მან ყველაფერში მოუმატა. მახსოვს „ლოკომოტივში“ თავის საფირმო დარტყმას როგორ ამუშავებდა. ბურთს საჯარიმოს კუთხესთან იღებდა, ცენტრში შეიწევდა და შორეულ კუთხეში „ჭრიდა“. ახლა ეფექტურობის მხრივ ეს უკვე თითქმის პენალტის ტოლფასია.
მისი ნიჭის განვითარებას ხელს კარგი გარემოცვა უწყობს. თავად ხვიჩაც სწორად აზროვნებს. ყველაფერი როდესაც ემთხვევა, მაშინ შედეგიცაა“ – აღნიშნა სიომინმა
ლაშა თაბაგარი