„იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ აჯობა, „რუსთავმა“ – „სპაერს“

0
3

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. დაპირისპირება დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა. „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა გუგა ნერგაძემ დისკვალიფიკაციის გამო თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.
მატჩის 25-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ნიკოლოზ დადიანმა პასი ვახო ბედოშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ფეხზე „დინამოს“ კაპიტან მამუკა კობახიძეს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 1:0.
მატჩის მეორე ნახევარში გოლი ვერცერთმა გაიტანა და „იბერიამ“ ბათუმელებთან ზედიზედ მე-11 შეხვედრა არ წააგო. თბილისელები 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი „დინამო“ 21 ქულით მეხუთეა.
„რუსთავმა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე თბილისის „სპაერი“ მიიღო და ერთბურთიანი სხვაობით აჯობა.
29-ე წუთზე რუსთაველთა კონტრშეტევის დროს განელი სოლომონე კესის დარტყმული ბურთი სტუმართა კარის გვერდით ძელს მოხვდა და საჯარიმოში მყოფ ბრაზილიელ ჟან ალმეიდას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
63-ე წუთზე ზურაბ გოლუბიანმა კუთხური ჩააწოდა და რუსთაველთა კარის შორეულ ძელთან მდგომმა გიორგი ცეცხლაძემ თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 82-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძე თბილისელთა ნახევარზე დაეუფლა ბურთს და ისე რომ ხელი არავის შეუშლია საჯარიმოს ხაზამდე იარა, რის შემდეგ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „რუსთავმა“ 23 ქულა დააგროვა და მესამეა, ანზორ კიღურაძის თავკაცობით კი „სპაერმა“ თავი 20 ქულას მოუყარა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი